Amazon-ის დამფუძნებელი და Blue Origin-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ დედამიწიდან მძიმე მრეწველობის გადატანა გარემოს დაცვასთან ეკონომიკური ზრდის თანაარსებობის ერთადერთი სცენარია.
ბეზოსმა ეს განცხადება პარიზში, კონფერენცია VivaTech-ზე გააკეთა, რასაც LIGA.net ავრცელებს.
ბიზნესმენი თვლის, რომ კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელს გახდის, მთელი დედამიწა დიდ მწვანე პარკად გადაიქცეს, რომელიც დევანდელზე სამჯერ მეტ ადამიანს დაიტევს, მთვარე კი ამ გეგმაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
„მთვარე საჩუქარია. ის დედამიწასთან მეტად ახლოსაა, სადაც სამნახევარ დღეში შეგიძლიათ, მიხვიდეთ და უკანაც სამნახევარ დღეში დაბრუნდეთ. იქ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიხვიდეთ და არ გჭირდებათ, პლანეტების იდეალურ განლაგებას დაელოდოთ,“ – ამბობს ბეზოსი.
ის განმარტავს, რომ მთვარის ზედაპირიდან კოსმოსში მასალის გაშვებას კილოგრამზე 28-ჯერ ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე დედამიწიდან გასაშვებად არის საჭირო. მაგალითად, მთვარიდან ორბიტაზე თხევადი ჟანგბადის მოპოვება და მიწოდება მნიშვნელოვნად უფრო ადვილი და იაფია.
ბეზოსის თქმით, ეკოლოგიურის მსგავსად, მთვარის კვლევის ეკონომიკური ლოგიკაც ანალოგიურად მიმზიდველია. ეს, პირველ რიგში, მისი რესურსების უზარმაზარი მარაგია. მთვარე 4.5 მლრდ წლის განმავლობაში მეტეორიტების მიერ იბომბებოდა, ამიტომ მისი ზედაპირის ქვეშ კოსმოსური ინფრასტრუქტურის ასაშენებლად საჭირო ყველა მინერალია. ადგილობრივი რესურსების გამოყენების პროექტებზე Blue Origin უკვე მუშაობს. მაგალითად, კომპანია მზის პანელების პირდაპირ მთვარის რეგოლიტისგან დამზადებას სწავლობს.
ამასთან, ბეზოსის ცნობით, მთვარის პოლუსებზე მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში წყლის ყინულია. თხევად ჟანგბადად და თხევად წყალბადად მისი დაშლა ელექტროლიზის გამოყენებით არის შესაძლებელი, რაც კოსმოსური ხომალდებისთვის იდეალური საწვავია. ეს სადესანტო ხომალდებს საშუალებას მისცემს, საწვავი პირდაპირ ზედაპირზე შეავსონ, რაც მთვარეზე ადამიანის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს.
ბეზოსი დაასკვნის, რომ ამ რესურსების დახმარებით, მთვარისა და დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდების მასალის გამოყენებით კაცობრიობა კოსმოსში დიდი გამოთვლითი ცენტრებისა და ენერგოსისტემების აშენებას შეძლებს. ის პროგნოზირებს, რომ მომავალში ორბიტალურ მონაცემთა ცენტრებისთვის მიკროჩიპებიც კი დედამიწის გარეთ დამზადდება, ხოლო უკან პლანეტას მხოლოდ დასრულებული გამოთვლითი შედეგები გადაეცემა.
ბეზოსის გეგმის თანახმად, შემდეგი მარსი და უფრო შორეული სამიზნეები იქნება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთვარეზე საძირკველი ჩაიყრება.
„ჩვენ კოლონიებს მარსზე და მის ფარგლებს გარეთ ავაშენებთ. მთვარე კი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნება,“ – ამბობს ბეზოსი.