პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების), ასევე ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალი რვა პირს წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემით უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და სორტირება მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი ზუსტი პირვანდელი მოცულობის დადგენა.
დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ სხვადასხვა ტერიტორიიდან სისტემატურად ხდებოდა შეგროვებული ჯართის ნაწილის სატვირთო ავტომანქანებით გატანა მისი დასაწყობების ნაცვლად, რის შემდეგაც იგი ბარდებოდა საწარმო შპს „ჯეოსტილს“ (Geosteel). სქემის განსახორციელებლად ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეები ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს ამზადებდნენ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020–2021 წლებში ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ 22 120 ტონა ლითონის ჯართს. წარმომავლობის შენიღბვის შემდეგ ჯართი რეალიზებულ იქნა შპს „ჯეოსტილზე“, ხოლო მიღებული თანხები აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული სამეწარმეო სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც პერიოდულად ნაღდდებოდა და ნაწილდებოდა ჯგუფის მონაწილეებს შორის. შედეგად, „საქართველოს რკინიგზას“ მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი — 17 391 121 ლარი.
გარდა ამისა, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფი. 2022 წლის 29 აპრილს სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „რაველდს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მომწოდებლისგან შეისყიდა სარკინიგზო ლიანდაგის რელსების დეფექტების აღმოფხვრის მომსახურება.
სამუშაოების შესრულების პროცესში, დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის მაშინდელმა დირექტორმა და მომწოდებელი კომპანიის დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში შეიტანეს წინასწარი შეცნობით ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს „რაველდმა“ „საქართველოს რკინიგზისგან“ დადგენილ თანხაზე მეტი — 403 844,69 ლარი მიიღო. შედეგად, საწარმოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულებს, ასევე კიდევ ორ პირს, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზება, დამზადება და გამოყენება. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით 12 წლამდე ვადით.
იმ ორ პირზე, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, გამოცხადდება ძებნა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული კორუფციული სქემის საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია რვა პირი, ხოლო ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.