ბუნების საგაზაფხულო აყვავება და ზაფხულის სიმწვანე ბევრისთვის სასიამოვნოა, თუმცა ათასობით ადამიანისთვის წელიწადის ეს დრო დისკომფორტის მიზეზი ხდება. ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, დაღლილობა — ეს ყველაფერი შესაძლოა სეზონური ალერგიის ნიშანი იყოს. Jnews-მა ამ თემაზე დერმატოლოგ ლანა ენოქიანს ესაუბრა, რომელმაც ალერგიის სახეებზე, მათ გამოვლინებებსა და პირველად აუცილებელ საშუალებებზე უამბო.
დერმატოლოგის თქმით, სეზონური ალერგია განსაკუთრებით აქტიურდება გაზაფხულსა და ზაფხულში — ყვავილობისა და დამტვერვის პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ყვავილის მტვერი ორგანიზმში აღწევს და იწვევს ცემინებას, სურდოს, ცხვირის გაჭედვასა და თვალების გაწითლებას. ალერგიის ზემოქმედების შესამცირებლად, აუცილებელია ქარიან დღეებში შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს ღია ცის ქვეშ ყოფნა, სახლში დაბრუნების შემდეგ შეიცვალოს ტანსაცმელი, დაიბანოთ სახე და თმა, ფანჯრები დაიჭიროთ დაკეტილი და ანტიალერგიული პრეპარატები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენოთ.
ვინაიდან ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს მხარეში ყველაზე მეტად გავრცელებულია მზის ალერგია, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევს. ულტრაიისფერი სხივები უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს კანის ღია უბნებზე და იწვევს სიწითლეს, ქავილს, წვას ან მტკივნეულ რეაქციას.
ეს ალერგიები ყველაზე ხშირად ზაფხულის სეზონზე მწვავდება. მათ, ვისაც მზის ალერგიისადმი აქვთ მიდრეკილება, რეკომენდებულია მოერიდონ შუადღის ძლიერ მზეს, გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი, ატარონ ქუდი, დახურული ტანსაცმელი და, რა თქმა უნდა, გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
სეზონურ ალერგიად ითვლება ასევე სხვადასხვა მწერის ნაკბენით გამოწვეული რეაქციები. ალერგიული რეაქციები, ძირითადად, ფუტკრების, კოღოების, ჭიანჭველების, კრაზანებისა და სხვა მადენსინებელ-მკბენარი მწერებისგან ჩნდება. ალერგიული რეაქცია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: ძლიერი სიწითლე, დიდი შეშუპება ნაკბენ ადგილას, ძლიერი ქავილი ან ტკივილი, და გამონაყარი კანზე. ეს მწერები განსაკუთრებით აქტიურები მაის-ივნისში არიან.
ბუნებაში ყოფნისას რეკომენდებულია არამყვირალა (ღია) ფერების დახურული ტანსაცმლის ტარება, მწერების საწინააღმდეგო რეპელენტების გამოყენება, ნაკბენის შემთხვევაში ანტიალერგიული საშუალებების მიღება და ექიმთან კონსულტაცია.