ახალქალაქში, „9 აპრილის“ ანუ ჯივანის სახელობის პარკში, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დასვენების ერთ-ერთ მთავარ ადგილს წარმოადგენს, დღეს ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მხრივ აშკარა პრობლემები შეინიშნება. ტერიტორიაზე დაფიქსირებულია დამტვრეული ლამპიონები, გამოშვერილი ელექტროსადენები, ასევე განათების ისეთი ელემენტები, რომლებიც ან მიწაზე ყრია, ან ნაგვის ურნებთან არის დაგდებული. ცალკეულ ადგილებში აღჭურვილობის ნაწილები, მათ შორის ლამპიონები, საერთოდ არ არის, ასევე თვალში საცემია დაზიანებული დეკორატიული განათების ელემენტები და ჩამოკიდებული კაბელები, რომლებიც მანამდე განათების სისტემის ნაწილს შეადგენდა.

პარკში ასევე დაზიანებულია საბავშვო სათამაშო ინფრასტრუქტურის ელემენტები: გატეხილი სასრიალოები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ბავშვებს, რადგან სრიალისას ტრავმის მიღების რისკი არსებობს. სკამები საგრძნობლად გადახუნებულია, საჩრდილობლებზე საღებავი ნაწილობრივ ამძვრალია, ხოლო განათების კონსტრუქციების ნაწილი დაზიანებული ან დემონტირებულია.

პარკის რეაბილიტაცია 2022–2023 წლებში განხორციელდა, თუმცა, დაკვირვებების თანახმად, მან საკმაოდ სწრაფად მიაღწია იმ მდგომარეობას, რაც დღეს მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ამგვარი სიტუაციის მიზეზებად სახელდება როგორც კეთილმოწყობისას უხარისხო მასალების შესაძლო გამოყენება, ისე ადამიანური ფაქტორიც – ვიზიტორთა ნაწილის დაუდევარი დამოკიდებულება, რაც ქონების განადგურებაში, ტერიტორიის დაბინძურებასა და ნაგვის დატოვებაში გამოიხატება. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მზესუმზირის ნაჭუჭიც შეინიშნება, რაც კიდევ უფრო აფუჭებს საზოგადოებრივი სივრცის საერთო იერსახეს.

ახალქალაქის პარკები და სკვერები მუდმივ მოვლას, მათ შორის შეღებვას, დაზიანებული ელემენტების შეცვლასა და მუნიციპალური ქონების შენარჩუნებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის პარკების, სპორტული მოედნებისა და ადმინისტრაციული შენობების სარემონტოდ 60 000 ლარი გამოყო. მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოებისთვის მზადების პროცესი გრძელდება — ამჟამად მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის (სმეტის) მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის განცხადებით, პარკებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლის სამუშაოები უკვე დაწყებულია: ამ ეტაპზე დგება ხარჯთაღრიცხვები და უახლოეს მომავალში ელოდებიან 60 000 ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადებას.

Park - 1

„ვისთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, ის შეასრულებს ამ სამუშაოებს. თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენ „სერვისცენტრს“ მივმართავთ, რათა მათ ახლავე დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა. იმის კონტროლი, რომ არაფერი გაფუჭდეს, რთულია, რადგან ბავშვები დარბიან და შესაძლოა შემთხვევით დააზიანონ რამე. არ გამოვრიცხავ, რომ მასალაც არ იყოს მაღალი ხარისხის, თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ხალხი ამას განგებ ამტვრევს. ცალსახაა, ქარისგან ესენი არ წაიქცეოდა. უბრალოდ დროა საჭირო, რომ ჩვენმა მცხოვრებლებმა გულგრილობა არ გამოიჩინონ და გაუფრთხილდნენ იმას, რაც გვაქვს. კამერების საშუალებით ორჯერ გამოვავლინეთ ვანდალიზმის ჩამდენი პირები და მათ ყველაფერი აღადგინეს“, — ამატებს იგი.

Park - 1

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში „9 აპრილის“ პარკის (ჯივანის პარკი) რეაბილიტაციის პროცესი 2022 წელს დაიწყო. იმავე წელსვე აიღო სტარტი მოსამზადებელმა და სამშენებლო სამუშაოებმა, რაც ძველი კონსტრუქციების დემონტაჟსა და პარკის ტერიტორიის განახლებას მოიცავდა. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობდა: კეთილმოწყობის ნაწილი 2022 წელს შესრულდა, ძირითადი ნაწილი კი — 2023 წელს. 2023 წელს სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა და გრაფიკის მიხედვით აგვისტოში დასრულდა, თუმცა ფაქტობრივად პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

2022 წელს პარკის კეთილმოწყობისთვის 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „კ-კომპანიამ“ (К-компания) გაიმარჯვა, თანხით 580 000 ლარი. საერთო ღირებულების 82,2% სახელმწიფოს წილმა შეადგინა, ხოლო 17,8% — ადგილობრივმა ბიუჯეტმა. პარკის საერთო ფართობი 2904 კვ.მ-ს შეადგენს.