სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 კრიპტომაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.
„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“, – წერია შსს-ის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
გამოძიება სსსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პირველად კრიპტომაინერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში 4 ივნისს ამოიღო ჯამური ოდენობით 148; ხოლო მეორედ, 11 ივნისს, შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მესტიაში დამატებით 42 კრიპტომაინერი ამოიღეს.
კრიპტო მაინერი არის სპეციალიზებული კომპიუტერული სისტემა, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად და ბლოკჩეინ ქსელის მუშაობის უზრუნველსაყოფად. მაინერი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.
სვანეთში ელექტროენერგია მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში მიეწოდებოდა უფასოდ. მოსახლეობა გამრიცხველიანებული არ ყოფილა. უფასო ელექტროენერგიამ კრიპტომაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლების განმავლობაში გამოწვევად რჩება.
მაგალითად, 2024 წლის 10 თვეში მესტიის მუნიციპალიტეტმა 98 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12 მუნიციპალიტეტის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდებოდა. 2025 წელს სვანეთში მოიხმარეს 132 952 736 კვტ.სთ ელექტროენერგია.
გადატვირთულობის გამო პერიოდულად სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.