დღეიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ძალაში შედის პაქტი მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ.

ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში მიღებულმა პაქტმა გადახედა ევროკავშირის ჩარჩო სისტემას მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში და ამჟამად იგი მიგრაციისადმი ევროკავშირის ახალი მიდგომის ცენტრალური ელემენტია.

„პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა მიიღო ყოვლისმომცველი სისტემა მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების საიმედო დაცვას, თავშესაფრის გაცემის სამართლიან და მკაცრ წესებს, ისევე როგორც ბალანსს სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას შორის“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

საბჭოში განმარტავენ, რომ ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ახალი თავი გადაფურცლა, რომლის მთავარი ქვაკუთხედიც სწორედ მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტია. იგი ითვალისწინებს მტკიცე მიგრაციულ დიპლომატიას, საზღვრის დაცვის ტექნოლოგიურად განვითარებულ სისტემას (შესვლა-გამოსვლის სისტემის დანერგვისა და სრული ამოქმედების გზით), ასევე ახალ წესებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაბრუნების პროცედურების უფრო სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას, როგორც ეს ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის სტრატეგიით არის გათვალისწინებული.

მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის ძირითადი ელემენტებია:

გარე საზღვრების უსაფრთხოება: ევროკავშირის საზღვრების არალეგალურად გადამკვეთი ყველა მიგრანტის ახალი, სავალდებულო რეგისტრაცია და უსაფრთხოების საფუძვლიანი შემოწმება; დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები სასაზღვრო რეგიონებში იმ პირებისთვის, რომლებიც ნაკლებად საჭიროებენ დაცვას, საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას ან შეცდომაში შეჰყავთ ხელისუფლება; ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის არმქონე პირთა სწრაფი დაბრუნება.

თავშესაფრის გაცემის მკაცრი და სამართლიანი პროცედურები: მათ შორის განაცხადების განხილვის შემოკლებული ვადები, უფრო მკაცრი წესები უფლებების ბოროტად გამოყენებისა და განმეორებითი მოთხოვნების მიმართ, აგრეთვე ზომები მეორადი გადაადგილებების უფრო ეფექტურად აღსაკვეთად.

მიღების პირობების ერთიანი სტანდარტები ევროკავშირში: მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე მიღების ღირსეული სტანდარტების უზრუნველყოფა, მეორადი გადაადგილებების სტიმულირების შემცირება და შრომის ბაზარზე უფრო სწრაფი წვდომის ხელშეწყობა (უკვე ექვსი თვის შემდეგ).

სამართლიანი ბალანსი სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას შორის: მუდმივი სავალდებულო სოლიდარობის მექანიზმის შემოღება და წევრი სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობის მიცემა, მოქნილად მიიღონ მონაწილეობა სოლიდარობის პროცესებში, თითოეული ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით. პაქტი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაფიო წესებს იმ წევრი ქვეყნის დასადგენად, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე, ისევე როგორც განმცხადებლების პასუხისმგებელ წევრ სახელმწიფოში დაბრუნების დაჩქარებულ პროცედურებს.

დაცვის საიმედო მექანიზმები: ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის არსებობა სკრინინგის პროცედურებისა და თავშესაფრის მოთხოვნის სასაზღვრო განხილვის დროს.

ახალი წესები სრულად შედის ძალაში დღეიდან და წევრ სახელმწიფოებს შეეძლებათ მათი პრაქტიკაში გამოყენება.