გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნედლი რძის წარმოებაში რეფორმების გატარებას გეგმავს. სამინისტრომ შესაბამისი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კერძოდ, სამინისტროს მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
დაგეგმილია ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) შემოღება, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია 100%-ით ქართული ნედლი რძისგან;
მცენარეული ცხიმების შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება სავალდებულო გახდება როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული საქონლისთვის; ეს საქონელი საცალო ქსელებში ცალკე გაიყიდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგში დაგეგმილი ცვლილებების სამუშაო განხილვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ამ სფეროს სპეციალისტები.

მინისტრის თქმით, ისინი აძლიერებენ საქართველოს რძის სექტორს და ეხმარებიან ფერმერებს განვითარებაში.
„ეს პროცესი აბსოლუტურად ღიაა და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ბაზრის ერთიანი რეგულირების საკითხი მთელ ჯაჭვზე, როგორც მიწოდების, ისე მოხმარების სეგმენტში“.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მომხმარებელს პროდუქტების მკაფიოდ გამიჯვნაში და იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას ყიდულობს.
ჩვენ არ ვზღუდავთ რაიმე პროდუქციის წარმოებას, პირიქით, ვაძლიერებთ ქართულ რძის სექტორს და ვეხმარებით ფერმერებს განვითარებაში.
მნიშვნელოვანია როგორც მიწოდების, ისე მოხმარების ბაზრის რეგულირება, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება.

„ჩვენ ვზრდით სახელმწიფოს ჩართულობას და მხარს ვუჭერთ ფერმერებს მცირე მეურნეობებიდან უფრო განვითარებულ, თანამედროვე მეურნეობებზე გადასვლაში“, — აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.