დღეს, 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მაღალი შეფასება მისცა თანამშრომლობის ამგვარ ფორმატს დღევანდელი გამოწვევების პირობებში, ასევე აღნიშნა პოზიტიური ძვრები სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ორმხრივი ნდობა და თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა“, — ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი მრავალი წელია წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ.

„ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და წარმატებულ მექანიზმად რჩება. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი ურთიერთქმედების პრაქტიკული შედეგები.

თანამედროვე საერთაშორისო ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, კოორდინირებულად ვიმუშაოთ საერთო ინტერესების რეალიზაციისთვის. დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები, ასევე თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების პერსპექტივები.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი ურთიერთქმედების ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, სამომავლოდაც შეიტანოს თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცებაში.

„ჩვენი საერთო მიზანია — ვაქციოთ ჩვენი რეგიონი თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, ურთიერთკავშირისა და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ სრულად გამოიყენონ არსებული პოტენციალი და კიდევ უფრო გააღრმავონ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა.

ჩვენ მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

თავის მხრივ, საქართველო მზად არის, კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ისევე როგორც ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ თავად საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.