კვირას საღამოს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, იუწყება Mehr.

თეირანში განაცხადეს, რომ ეს ოპერაცია იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმეორებით დარღვევებზე, კერძოდ, ლიბანის სამხრეთსა და ბეირუთის დაჰიას რაიონზე განხორციელებულ დარტყმებსა და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე.

ირანის ხელისუფლებამ შეახსენა (საზოგადოებას), რომ ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის 40-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით იქნა მიღწეული. თეირანის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო საომარი მოქმედებების შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, ასევე ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე თავდასხმებზე სრული უარის თქმა.

თეირანში ამტკიცებენ, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ისრაელმა, აშშ-ის მხარდაჭერით, დაარღვია მისი პირობები და ლიბანში სამხედრო ოპერაციები გააგრძელა. ირანული მხარის ვერსიით, სწორედ ეს ქმედებები გახდა ამჟამინდელი დარტყმის მიზეზი.

ირანული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის მსვლელობისას ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე ათობით მაღალი სიზუსტის ბალისტიკური რაკეტა იქნა ნასროლი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივში, ჰაიფასა და ქვეყნის რამდენიმე ცენტრალურ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ამუშავების შესახებ. ირანული წყაროები ამტკიცებენ, რომ დასახული მიზნები განადგურებულია.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ირანმა გააფრთხილა (ისრაელი) ჩრდილოეთ ისრაელზე დარტყმისთვის მზადყოფნის შესახებ, თუკი ისრაელის არმია ბეირუთზე მიიტანდა იერიშს. როგორც Mehr იუწყება, ამ გაფრთხილების შემდეგ ლიბანის დედაქალაქის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია გაუქმდა.

თეირანმა კვლავ განაცხადა, რომ ლიბანის ან „წინააღმდეგობის ღერძის“ სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევს და იტოვებს უფლებას, მომავალში კიდევ უფრო მკაცრი პასუხი გასცეს.