ჩემი მოლოდინია, რომ სომხეთი გაიმარჯვებს. დემოკრატია ყოველთვის მუშაობს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ჩვენ ახლა გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან, ძალიან ღრმა და მრავალმხმრივი ურთიერთობა – საქართველოსთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, „ტრამპის მარშრუტი“ რეგიონის ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
„ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ თურქეთთან შეთანხმება გვექნება და იქნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, ნორმალიზება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთთან საზღვრები და სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება. რა თქმა უნდა, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – ეს დიდი პროექტი ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანს. შედეგად, ჩვენ აღარ გვექნება მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების სატრანსპორტო დერეფნები. ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ირანისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ.