2025 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების მთლიანმა შემოსავალმა 928 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია საუბარი.

მათივე მონაცემებით, ბაზარზე ლიდერის პოზიციას კვლავ „მაგთიკომი“ ინარჩუნებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი აქვს როგორც შემოსავლების, ისე აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, ბაზრის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

„მაგთიკომი“ – შემოსავალი 437 მილიონ ლარი, რაც ბაზრის 47%-ს შეადგენს;
„სილქნეტი“ – შემოსავალი 325 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 35%-ია;
„სელფი მობაილი“ – შემოსავალი 165 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 18%-ს შეადგენს;
Hallo – შემოსავალი დაახლოებით 2 მლნ ლარი, რაც ბაზრის 0.2%-ს შეადგენს.
მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წელში მობილური ბაზარი მნიშვნელოვნად – 555 მილიონი ლარიდან 928 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. ამ პერიოდში ყველაზე მსხვილი ოპერატორების შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი ასეთია:

„მაგთიკომი“ 259 მილიონი ლარიდან 437 მილიონამდე გაიზარდა;
„სილქნეტი“ 195 მილიონიდან 325 მილიონამდე;
„სელფი მობაილი“ 101 მილიონიდან 165 მილიონ ლარამდე.
ანგარიშის თანახმად, ბაზრის ზრდის მთავარი ფაქტორი მობილური ინტერნეტის მოხმარების მატებაა. როგორც დოკუმრნტში ვკითხულობთ, იზრდება მონაცემთა გამოყენება და ციფრული სერვისების აქტიურობა, რაც პირდაპირ აისახება ოპერატორების შემოსავლებზე.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობაც გაიზარდა 3%-ით და დაახლოებით 5.91 მილიონს მიაღწია. აბონენტების რაოდენობით ლიდერობს „მაგთიკომი“ – 2.63 მილიონი აბონენტით (41%). მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 2.31 მილიონით (36%), ხოლო მესამე – „სელფი მობაილი“ 1.47 მილიონი აბონენტით (23%). „Hallo“-ს დაახლოებით 30 ათასი აბონენტი ჰყავს (0.4%).

რაც შეეხება აქტიური აბონენტების რაოდენობას, აქაც „მაგთიკომი“ ლიდერობს 1.9 მილიონით, შემდეგ მოდის „სილქნეტი“ 1.63 მილიონით, „სელფი მობაილი“ 1.18 მილიონით და „Hallo“ დაახლოებით 20 ათასით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ბაზრის წილებში მცირე ცვლილებები დაფიქსირდა: „მაგთიკომის“ წილი მცირედით შემცირდა 42%-დან 41%-მდე, „სილქნეტის“ გაიზარდა 33%-დან 36%-მდე, ხოლო „სელფის“ წილი 25%-დან 23%-მდე შემცირდა.

ანგარიშის მიხრდვით, საქართველოს მობილური ბაზარი სტაბილურად იზრდება, თუმცა ლიდერ პოზიციებს კვლავ რამდენიმე მსხვილი ოპერატორი ინარჩუნებს.