მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალქალაქში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ფონდს დროებით -ერთი წლის ვადით – გადასცა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება. სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება და მას კომპანია შპს „სათავე+“ შეასრულებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საფეხბურთო სტადიონების მშენებლობის პროექტებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში — ახალქალაქში, ახალციხესა და ადიგენში ახორციელებს. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა და გამარჯვებული შპს „სათავე+“ გახდა. სამივე მუნიციპალიტეტისთვის პროექტების საერთო ღირებულება 14 280 000 ლარს შეადგენს, ამასთან, თითოეული პროექტი დაახლოებით 4 760 000 ლარად არის შეფასებული.

სტადიონზე სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. JNEWS-მა დაინტერესდა, თუ როდის იგეგმება დაწყება.
„ამჟამად საბუთები მზადდება, მალე, მაქსიმუმ ერთ თვეში, შესაძლოა უფრო ნაკლებ დროშიც, სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადეს კომპანია შპს „სათავე+-დან“.

თანხის ძირითადი ნაწილი საფეხბურთო მოედნის მოწყობას უნდა მოხმარდეს. ძველ საფარს სრულად მოხსნიან, ზედაპირს დააბეტონებენ და 55 მმ სისქის ხელოვნური გაზონით დაფარავენ. ძველი ტრიბუნის პირდაპირ იგეგმება ახალი, დამატებითი 300-ადგილიანი ტრიბუნების დამონტაჟება. მერიასთან შეთანხმებით, ძველ ტრიბუნასაც შეინარჩუნებენ. ტრიბუნები აღიჭურვება გადახურვით. ასევე გათვალისწინებულია სტადიონის ჭიშკრის რეკონსტრუქცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის შექმნა.

სტადიონის ტერიტორიაზე იგეგმება დამხმარე შენობების მშენებლობა: ადმინისტრაციული სივრცეების, მწვრთნელებისა და მსაჯების ოთახების, გასახდელების, ასევე დაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის განკუთვნილი სათავსების. მთელი ტერიტორია შემოიღობება 2 მეტრი სიმაღლის ლითონის ბადისებრი ღობით. ახალი შენობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა და ძალაშია ხელმოწერიდან 1023 დღის განმავლობაში.