მთავრობის ინიციატივა, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, კანონის პროექტის სახით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
დიპლომატიის აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი იქნება, რომლის სახელმწიფო კონტროლს სამინისტრო განახორციელებს. აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას სამინისტრო უზრუნველყოფს.
კანონის პროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემია პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს, კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსსა და მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში – სხვა კურსებს განახორციელებს. პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, “დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.
როგორც მთავრობა განმარტავს, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მომავალი დიპლომატების აღზრდაზე გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი. პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით კადრების მომზადება ზოგადი პროფილითა და საერთო მიდგომების გათვალისწინებით ხდება, რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა დიპლომატთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების თვალსაზრისით.
“სუვერენული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და განმტკიცება, საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო აქტორების ინტერესების სიღრმისეულ ცოდნას, გაცნობიერებას და გამოყენებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, დიპლომატიური სამსახურის როლი და გამართული სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის საგარეო უწყებამ პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობა გამოზარდა. გამოცდილი დიპლომატების კვალდაკვალ, საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული თაობა, რომელიც უფროსი თაობის გვერდით, ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში, დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარი იქნება.
ასევე, წინასწარი გათვლებით, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი – 2 993 675 ლარი იქნება – მათ შორის ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი, ხოლო 2027, 2028 და 2029 წლებში ყოველწლიურად – 2 851 350 ლარით განისაზღვრება.
პარლამენტი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს.