ახალქალაქის ქართული ცეკვის ანსამბლ „მურჯსა“ და დილიჟანის სომხურ ანსამბლ „ნაზანის“ შორის არსებული მეგობრობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთობლივი პროექტის დროს დაიწყო, მჭიდრო კულტურულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. 5 ივნისს კოლექტივები ახალქალაქში პირველად წარსდგებიან ერთად და მაყურებელს უფასო კონცერტსა და მრავალწლიანი შემოქმედებითი მეგობრობის შედეგებს შესთავაზებენ.

ახალქალაქისა და დილიჟანის ხალხური ცეკვის ანსამბლების თანამშრომლობა ორი წლის წინ დაიწყო პროექტის, „ქართული ცეკვის მასტერკლასის“ ფარგლებში, რომელსაც ერევანში ვაჰან ბადალიანის ესთეტიკური ცენტრი ახორციელებდა. დროთა განმავლობაში ეს თანამშრომლობა ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. უკვე რამდენიმე წელია, დილიჟანის ხალხური ცეკვის ანსამბლი „ნაზანი“ და ქართული ცეკვის ანსამბლი „მურჯი“ ერთობლივ მასტერკლასებსა და კონცერტებს მართავენ.

„პროექტის დროს რეგიონების მიხედვით გაგვანაწილეს და ჩვენ დილიჟანში მოვხვდით. იქ შევხვდი არტურ გრიგორიანს. მის ანსამბლ „ნაზანიში“ ცეკვის მასტერკლასს ვატარებდი და ჩვენი მეგობრობაც სწორედ აქედან დაიწყო“, — ჰყვება ანსამბლ „მურჯის“ მხატვრული ხელმძღვანელი გიორგი მეტრეველი.

2024 წელს გიორგი მეტრეველმა არტურ გრიგორიანი ახალქალაქში სომხური ცეკვების მასტერკლასის ჩასატარებლად მიიწვია. არტურ გრიგორიანი მეცადინეობებს ატარებდა არა მხოლოდ ანსამბლ „მურჯისთვის“, არამედ „ჯავახკის“, „ვაჩიანის“, „Line Up“-ის, „Martin Studio“-სა და ახალქალაქის სხვა ანსამბლებისთვის.

არტურ გრიგორიანი არის სომხეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ხელოვნების საერთაშორისო და ეროვნული საბჭოს წევრი, კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს ოქროს მედლის მფლობელი, პროფესიონალი ქორეოგრაფი, მოცეკვავე, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ანსამბლ „ნაზანის“ მხატვრული ხელმძღვანელი.

ანსამბლი „მურჯი“ ორჯერ — 2025 წელს და მიმდინარე წლის მარტში — არტურ გრიგორიანის მიწვევით დილიჟანს ესტუმრა, სადაც კოლექტივებმა ერთობლივი კონცერტები და მასტერკლასები გამართეს. სომხეთისა და საქართველოს კულტურის ორ მოღვაწეს შორის არსებული ნაცნობობა თანდათან ორ ხალხს შორის მეგობრობად იქცა.

თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა თავად ანსამბლებისთვისაც. ამ მეგობრობის წყალობით, კოლექტივების რეპერტუარში ახალი ხალხური ცეკვები გაჩნდა.

არტურ გრიგორიანმა ანსამბლ „მურჯისთვის“ ორი ცეკვა დადგა — „ცახკეპუნჯი“ და „ქოჩარი“, რომლებსაც კოლექტივი რეგულარულად ასრულებს თავის კონცერტებზე. ანსამბლ „ნაზანის“ რეპერტუარშიც შევიდა ორი ცეკვა ქართული რეპერტუარიდან — „რაჭული“ და „ოსური“.

5 ივნისს ანსამბლი „ნაზანი“ გიორგი მეტრეველის მიწვევით ახალქალაქს ეწვევა და ახალქალაქის კულტურის სახლში ერთობლივ უფასო კონცერტს გამართავს.

მთავარი მიზანია — ხალხმა დაინახოს ჩვენი მეგობრობა, ჩვენი მოსწავლეებიც დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა გაგრძელდეს არა მხოლოდ ჩვენ შორის, არამედ ახალგაზრდა თაობაშიც. გვინდა, რომ მათ ჩვენგან აიღონ მაგალითი“, — ამბობს გიორგი მეტრეველი.

5 ივნისის ერთობლივ კონცერტზე ანსამბლი „ნაზანი“ 16 ნომერს შეასრულებს. კონცერტზე ასევე გამოვლენ ანსამბლები „ჯავახკი“, „ვაჩიანი“, ასევე ანსამბლ „მურჯის“ უფროსი და ბავშვთა ჯგუფები.

კონცერტი ახალქალაქის კულტურის სახლში 18:00 საათზე გაიმართება. შესვლა თავისუფალია.

ანსამბლ „ნაზანისთვის“ ეს იქნება პირველი ვიზიტი ჯავახეთში სრული შემადგენლობით. მანამდე არტურ გრიგორიანი რეგიონს ანსამბლის გარეშე სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ვარძიის ისტორიულ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსსაც მოინახულებენ.