საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისს დაიწყებს განაცხადების მიღებას 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის, რომელიც 6 ივლისამდე გაგრძელდება.
მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია კანდიდატების მიერ წარდგენილ განაცხადებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს. შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და ავტორიტეტი;
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა;
სწავლის მოტივაციისა და ცოდნისკენ სწრაფვის სტიმულირება;
პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანა;
ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება;
სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობისკენ მიმართული საქმიანობა;
სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
სკოლისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.
კანდიდატებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ:
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით;
ელექტრონული ფოსტით: info@tpdc.ge;
მატერიალური სახით: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატები 27 ოქტომბერს დაგეგმილ საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს აღინიშნება — ქართველი პედაგოგის, სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ამ დღეს 10 გამორჩეული მასწავლებელი დაჯილდოვდება ეროვნული პრემიითა და ფულადი ჯილდოთი, საზოგადოებისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2025 წლიდან მოყოლებული, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალურ დონეზე გამოავლენს და დააჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მნიშვნელოვანი მექანიზმია განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალთა აღიარებისთვის და ემსახურება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას.