რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებს რუსეთში შესვლის მიზნების შესახებ განცხადების წარდგენა მოუწევთ, — ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „грузия Онлайн“ წერს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა განაცხადა, რომ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთოების მძღოლებს მოეთხოვებათ.
რუსული უწყების წარმომადგენლის განმარტებით, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს იმ პროფესიონალმა მძღოლებმა, რომლებსაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში დროებითი ყოფნის ვადა 180 დღემდე გაუზარდა, ელექტრონული ფორმით, RuID-ის გამოყენებით, უნდა წარადგინონ განცხადება რუსეთში შესვლისა და ყოფნის მიზნების შესახებ. ასევე, განცხადებასთან ერთად უნდა ატვირთონ პასპორტის ასლი და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 30 ივნისიდან შედის.
ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის 27 აპრილის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 180 დღემდე გაახანგრძლივა.