ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის 50-მდე მცხოვრებმა, 4 მაისს, ახალქალაქი–ნინოწმინდის ავტომაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ ნაგავმზიდებს გზა გადაუკეტეს და პოლიგონის დაუყოვნებლივ დახურვა მოითხოვეს. მოსახლეობის განცხადებით, ნაგავსაყრელი სერიოზულ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობას.

დღეს, 4 მაისს, სოფელ ჯიგრაშენის 50-მდე მცხოვრები ნაგავსაყრელის შესასვლელთან შეიკრიბა, რათა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვედროდნენ.

მოსახლეობამ ნაგავმზიდებს შესასვლელი ჩაუკეტა. 10:00 საათამდე მანქანების ნაწილმა ნარჩენების დაცლა მოასწრო, თუმცა აქციის მიმდინარეობისას ნაგავსაყრელზე მხოლოდ ერთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ნაგავმზიდი მივიდა — მაცხოვრებლებმა მას გზა საკუთარი ავტომობილებით გადაუღობეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ნაგვითა და ცელოფნის პარკებით არის დაფარული. სოფელში მუდმივად იგრძნობა უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით წელიწადის თბილ დროს. მათი თქმით, ნაგავსაყრელი ძალიან ახლოს მდებარეობს არა მხოლოდ ყანებთან, არამედ საძოვრებთანაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირუტყვმა პლასტიკური პარკები შეჭამა და დაიხოცა.

გარდა ამისა, მოსახლეობა აცხადებს, რომ ნარჩენებს მიწას ყოველთვის დროულად არ აყრიან. ამავდროულად, ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად 10-დან 15-მდე ნაგავმზიდს მოაქვს ნარჩენები.

svalka1

ხალხი ნაგავსაყრელის სრულ დახურვასა და მის რეკულტივაციას – ნარჩენების მიწით დაფარვას ითხოვს, რადგან ამჟამად ნაგავი ღია მდგომარეობაშია.
ნაგავსაყრელი მაღლობზეა განთავსებული, ყანები კი – ქვემოთ. მოსახლეობის თქმით, ღობე არ არის საკმარისად მაღალი, რის გამოც ქარისა და წვიმის დროს ნაგავი და დაბინძურებული წყალი სავარგულებზე ხვდება, რაც ანტისანიტარიას ქმნის.
„ჩვენ ნაგავსაყრელის დახურვას ვითხოვთ. მოაწყონ ის სხვაგან – დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით. აქ ნაგავი მოაქვთ არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდანაც – ფაქტობრივად, 100-მდე სოფლისა და ქალაქის ნარჩენები აქ იყრება“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ანდრანიკ კტოიანი.
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მეცხოველეობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა:
„ძროხა 4 ათას ლარად იმისთვის ვიყიდე, რომ ცელოფანი შეჭამოს და მოკვდეს? ეს ნაგავსაყრელი ინფექციის წყაროა. ჩვენ აქ ვართ, რათა მანქანები არ შევუშვათ და მისი დახურვა მოვითხოვოთ“.
მოსახლეობა ამტკიცებს, რომ რამდენიმე წლის წინ მათ ნაგავსაყრელის 1–2 წელიწადში დახურვას დაჰპირდნენ, თუმცა მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და მდგომარეობა არ შეცვლილა.
„2020 წელს დაგვპირდნენ, რომ საკითხს ორ წელიწადში გადაჭრიდნენ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ყანების დამუშავება შეუძლებელია, მიწააუყრელი ნაგავი კი ქარს სოფელში დააქვს“, – ამბობს საიათ გევორგიანი.
აქციის დროს ნაგავსაყრელზე ტექნიკა მუშაობდა, მუშა კი ყანებიდან პარკებს აგროვებდა. თუმცა, მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები მხოლოდ მათი საჩივრების შემდეგ დაიწყო.
გარდა ამისა, პოლიგონის ირგვლივ ათობით უპატრონო ძაღლი იყრის თავს.
ხალხთან შესახვედრად მივიდნენ ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელი (რომელმაც ვინაობა არ გაამხილა) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლების განმავლობაში ისინი მიმართავდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით.
„მხოლოდ ახლახან გამოგვიყვეს ტერიტორია წალკის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ის კომპანიას გადაეცემა, რის შემდეგაც დაპროექტება დაიწყება. მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. აშენდება თანამედროვე ნაგავსაყრელი, ეს კი დაიხურება“, — განაცხადა მან.
მოსახლეობა პოლიგონის დაუყოვნებლივ დახურვას ითხოვდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მუშაობის მკვეთრი შეწყვეტა მძიმე შედეგებს გამოიწვევდა.
მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, კომპანიისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა, მხარეები კომპრომისზე შეთანხმდნენ: ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაიხურება, მისი ექსპლუატაცია კი ახალი პოლიგონის გახსნამდე შეიზღუდება.
„პოლიგონის ნაწილს მიწას დააყრიან, რომ ნაგავი არ გაიფანტოს. ნარჩენები დროებით განთავსდება არსებული ნაგებობებისა და იმ ჯიხურის ადგილზე, რომლის აღებაც იგეგმება. ეს მოხდება შეზღუდული მოცულობით — ახალი ნაგავსაყრელის აშენებამდე. დაგვპირდნენ, რომ ტერიტორიაზე სისუფთავეს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა არშალუის მარაბიანმა.