2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941 103 ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,3%-ით მეტია.
თქვენი ინფორმაციისთვის, ამ მაჩვენებლის გამოთვლა ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მონაცემებს.
შედარებისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობა 3 930 428 ადამიანს შეადგენდა.
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 68,9 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 68,7 ადამიანს შეადგენდა.

როგორია საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვე თბილისსა და რეგიონებში?
რეგიონების მიხედვით მოსახლეობის სიმჭიდროვეს რაც შეეხება, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე ფიქსირდება თბილისში, სადაც ის შეადგენს 2715 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე.
კერძოდ, მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

თბილისი – 2715 ადამიანი;

აჭარა – 142,5 ადამიანი;

გურია – 49,9 ადამიანი;

იმერეთი – 76,8 ადამიანი;

კახეთი – 26,4 ადამიანი;

მცხეთა-მთიანეთი – 16,6 ადამიანი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6,4 ადამიანი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 39,9 ადამიანი;

სამცხე-ჯავახეთი – 24,2 ადამიანი;

ქვემო ქართლი – 68,4 ადამიანი;

შიდა ქართლი – 72,5 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 33 წლის განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე 1994 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, აღნიშნულ წელს სიმჭიდროვის ინდექსმა 82 ადამიანი შეადგინა 1 კვ. კმ-ზე. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2008 წელს დაფიქსირდა და 64 ადამიანი შეადგინა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ვითარება დაახლოებით ასეთია:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — დაახლოებით 32 ადამიანი კმ²-ზე;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი — დაახლოებით 24 ადამიანი კმ²-ზე.