ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მაცხოვრებლები ახალქალაქი-ნინოწმინდის ავტომაგისტრალზე არსებული ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვენ. მათი თქმით, ნადნობი და წვიმის წყლების, ასევე ქარის გამო, ნაგავი მათ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ხვდება. დაბინძურებისა და უსიამოვნო სუნის შესახებ მრავალწლიანი საჩივრები შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელობის მიმართ რეაგირების გარეშე რჩება.
2 მაისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მაცხოვრებლებმა ახალქალაქი-ნინოწმინდის ტრასაზე მდებარე ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, პოლიგონი მათ სახნავ-სათეს მიწებთან ზედმეტად ახლოს მდებარეობს, ხოლო ნადნობმა და წვიმის წყლებმა ნაგავი ჩარეცხა და სავარგულები დატბორა. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ არანაირ ზომებს არ იღებს.
ჯიგრაშენელების თქმით, ნაგავსაყრელის ნაკვეთებთან სიახლოვე დიდი ხანია უკმაყოფილებას იწვევს. ისინი არაერთხელ ჩიოდნენ იმაზე, რომ ქარს ნაგავი და ცელოფნის პარკები სავარგულებზე გადააქვს. გარდა ამისა, ნაგავსაყრელიდან ამოდის გაუსაძლისი სუნი, რის გამოც ფერმერებს მინდვრებში მუშაობა უჭირთ.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის ტრასაზე მდებარე ნაგავსაყრელი ორ მუნიციპალიტეტს ემსახურება, უშუალოდ მის გვერდით კი ჯიგრაშენის მაცხოვრებლების მიწები მდებარეობს. ნაგავსაყრელი შედარებით ამაღლებულ ადგილზეა განთავსებული.
დაახლოებით ერთი თვის წინ, მთებში თოვლის დნობისა და ძლიერი წვიმების დროს, წყლის ნაკადმა ნაგავი მინდვრებში გაფანტა. მაცხოვრებლების თქმით, ეს მათი მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
დღეს, დაახლოებით 15 ადამიანი მივიდა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხელმძღვანელობასთან შესახვედრად და მისი ექსპლუატაციის შეწყვეტის მოსათხოვნად. თუმცა, ადგილზე ხელმძღვანელობიდან არავინ იმყოფებოდა. დაცვის თანამშრომელი უფროსობას ტელეფონით დაუკავშირდა, რის შემდეგაც მოსახლეობას შეჰპირდნენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ახალციხიდან შესახვედრად ორშაბათს დილით ჩამოვიდოდნენ.
„მთიდან წამოსულმა წყალმა ნაგავი წამოიღო და მინდვრებში გაფანტა. ხელმძღვანელობა არანაირ ზომებს არ იღებს. წყლის ნაკადმა ღობე დააზიანა და ყველაფერი ნაკვეთებში ჩაიღვარა. კომპანია ნარჩენების კონსერვაციას სამ თვეში ერთხელ ატარებს“, — განაცხადა არშალუის მარაბიანმა.
მისი თქმით, კითხვაზე, თუ რატომ არ ტარდება კონსერვაციის სამუშაოები ყოველდღიურად, დაცვის თანამშრომელმა უპასუხა, რომ მას ძალიან ცოტა სოლარს (დიზელს) გამოუყოფენ და ტექნიკის მუდმივად გამოყენება არ შეუძლია.
მოსახლეობა ხელმძღვანელობასთან ორშაბათს შეხვედრაზე შეთანხმდა.
„ჩვენ გვინდა, რომ ნაგავსაყრელი დაიხუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გზას გადავკეტავთ და ნაგვის მანქანებს არ შემოვუშვებთ. გადაგვიხადონ კომპენსაცია დაბინძურებული ნაკვეთების გამო. არა მხოლოდ სახნავ-სათესი მიწები, არამედ საძოვრებიც გააფუჭეს, სუნზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, — დასძინა არშალუის მარაბიანმა.
ფოტო მოგვაწოდა არშალუის მარაბიანმა.