ირანსა და ისრაელს/აშშ-ს შორის ომის დასრულების პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია. მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, მხარეები კი კვლავაც მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ ერთმანეთს. ვინ არის პასუხისმგებელი დიალოგის ჩაშლაზე და არის თუ არა შესაძლებელი ახალი დიპლომატიური ეტაპი — ამ თემაზე Jnews-ი ირანისტ არმენ ვარდანიანს ესაუბრა.
— რატომ ფერხდება მოლაპარაკებები ამერიკულ-ისრაელურ ტანდემსა და ირანს შორის?
— ამერიკული მხარე ირანისგან მოითხოვს არა მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას, არამედ სარაკეტო პროგრამის არსებითად შეზღუდვასაც. აშშ აცხადებს, რომ ირანმა უკვე მიაღწია იმ დონეს, როდესაც შეუძლია 2000 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტების წარმოება, რომლებსაც ქობინების გადატანა შეუძლიათ, ეს კი საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. ირანისთვის ასეთი მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია. თეირანში აცხადებენ, რომ ეს საკითხი განხილვასაც კი არ ექვემდებარება.
ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანი მზად იყო გარკვეულ დათმობებზე წასულიყო — მაგალითად, შეეზღუდა ურანის გამდიდრება 5%-მდე, რაც ძირითადად სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, სარაკეტო პროგრამის საკითხში დათმობას არ აპირებს.
— არსებობს თუ არა ახალი დიპლომატიური ეტაპის დაწყების შანსი?
— ვფიქრობ, დიახ, თუმცა ახლა გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა: ხელისუფლების შიგნით განხეთქილებაა. ნაწილი უკიდურესი კონსერვატორების მომხრეა და აშშ-სთან ყოველგვარი მოლაპარაკების წინააღმდეგია. ხელისუფლების მეორე ნაწილი კი, მათ შორის მეჯლისის თავმჯდომარე მუჰამედ ალი აბასარი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი, მოლაპარაკებების მომხრენი არიან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ხისტი ხაზის“ მომხრეებმა — რადიკალებმა, სამხედროებმა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ — ალი აბასარსა და აბას არაქჩის ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება პირდაპირ აუკრძალეს. ეს არის პრობლემა, რომელიც ადრე არ არსებობდა.
— როდის იჩინა თავი ამ პრობლემებმა?
— ეს პრობლემები ბოლო დროს გამოიკვეთა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელსაც მართვის სისტემაში სერიოზული გავლენა აქვს, ხსენებულ ჩინოვნიკებს მოლაპარაკებებში მონაწილეობა აუკრძალა.
ადრე, როდესაც ალი ხამენეი ცოცხალი იყო, ის ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მსგავს მოლაპარაკებებზე წასვლის უფლებას აძლევდა. ამჟამინდელ ხელისუფლებას, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, უფრო ხისტი და შეურიგებელი პოზიცია უჭირავთ და ნებისმიერი სახის მსგავსი კონტაქტის წინააღმდეგნი არიან.
— ვინ უფრო მეტად ბლოკავს მოლაპარაკებებს — ამერიკა თუ ირანი?
— პრობლემა ორივე მხრიდან მოდის, ის ცალმხრივი არ არის. გარდა ამისა, დაემატა ჰორმუზის სრუტის საკითხი, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ამჟამად იმდენი წინააღმდეგობა და უთანხმოება დაგროვდა, რომ მოლაპარაკებების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ მომენტში ისინი მაინც განახლდეს.
— აქვს თუ არა ირანს იურიდიული უფლება, შეზღუდოს მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში?
— უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე დაგმეს ირანის ქმედებები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვას უკავშირდება. თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ იგი არ შეერთებია გაეროს შესაბამის კონვენციას და საკუთარი არგუმენტები მოჰყავს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს სადავო საკითხია, თუმცა ცნობილია, რომ დიდი სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს ხშირად არღვევენ ან სხვადასხვანაირად განმარტავენ.
— როგორ აისახება კრიზისი სამხრეთ კავკასიაზე?
— პირდაპირი სერიოზული ზემოქმედება არ არის, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა.
სომხეთზე გავლენა შეზღუდულია, აზერბაიჯანისთვის კი შედეგები უფრო თვალსაჩინო აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ირანულმა დრონებმა ნახიჩევანის აეროპორტზე მიიტანეს იერიში. თავდაპირველად ბაქოს რეაქცია მკაცრი იყო, შემდეგ კი რიტორიკა შერბილდა. აზერბაიჯანმა ვერც თურქეთისგან მიიღო ის მხარდაჭერა, რომლის იმედიც ჰქონდა და მიხვდა, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამიტომ, ახლა გარკვეულწილად დაინტერესებულია, რომ ამ ეტაპზე სომხეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს — შესაძლოა ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბაქოდან ასეთი სიგნალები მოდის, ნახიჩევანის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კი ალიევი უფრო ფრთხილი გახადა.
— არსებობს საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკი?
— დიახ, ასეთი რისკები არსებობს. თუ კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოწესრიგება არ მოხდება, სამხედრო მოქმედებების განახლების ალბათობა ყოველთვის რჩება. ამის გამორიცხვა არ შეიძლება.