ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩა მრავალსართულიანი კორპუსების დასახლება და ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ნაწილია, თუმცა ამ ქუჩის დიდ მონაკვეთზე ტროტუარები არ არსებობს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა, გევორგ პეტროსიანმა, აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარე ე.წ. „საბაგირო ქარხნის“ მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებთა გადაადგილების უსაფრთხოების საკითხი დასვა.

გევორგ პეტროსიანმა დამსწრეებს აცნობა, რომ მას დახმარებისთვის იმ მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლებმა მიმართეს, რომლებსაც ქალაქში „საბაგირო ქარხნის“ სახელით მოიხსენიებენ.

„მათ მომმართეს შემდეგი პრობლემებით და მთხოვეს, თქვენამდე მომეტანა: მათი თქმით, ისინი ქალაქში ფეხით ვერ დადიან, რადგან ტროტუარები არ არის. საუბარია საბაგირო ქარხნის კორპუსებზე. მოსახლეობა ითხოვს, რომ მათ ინტერესებს ანგარიში გაეწიოს და ეს პრობლემა მოგვარდეს“, — განაცხადა მან.

დეპუტატის განცხადებას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე განხილვის პროცესშია.

„თქვენს კითხვასთან დაკავშირებით განხილვები უკვე ჩატარდა. როგორც იცით, არსებობს სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროგრამები და მერია გეგმავს, რომ ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა აღნიშნულ პროექტებს დაუკავშიროს და შესაბამისი სამუშაოები ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც გადაადგილების უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით ღამის საათებში“, — აღნიშნა მან.

არსებული ვითარება
ე.წ. საბაგირო ქარხნის კორპუსები ახალქალაქიდან ნინოწმინდისკენ მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობს. ეს ქალაქის ყველაზე დაშორებული უბანია. ამ მონაკვეთზე ტროტუარები გათვალისწინებული არ არის, რის გამოც გზაზე გადაადგილება სახიფათოა როგორც დღისით, ისე ღამით.

ამ ქუჩაზე ქვეითთა გადაადგილების საფრთხის, მუდმივი ავარიების, ტროტუარების გადატვირთულობისა თუ მათი არარსებობის შესახებ Jnews უკვე წლებია წერს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის სამხრეთ გარეუბანში სპორტული კომპლექსის აშენება და ტერიტორიის მოწყობა იგეგმება, ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაზეა. შესაბამისად, გაურკვეველია, როდის გადაიჭრება ტროტუარებისა და სხვა აუცილებელი ელემენტარული ინფრასტრუქტურის საკითხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩას რეაბილიტაცია 2019-2020 წლებში ჩაუტარდა. რეკონსტრუქციის პროექტზე 15 მილიონი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, არსებული ტროტუარები ნორმალურად არ კეთილმოეწყო, ხოლო იქ, სადაც ისინი საერთოდ არ იყო, არც აშენებულა.