რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა 2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც, ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, მსოფლიოში მედიის თავისუფლების დონემ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია — ყოველი ოთხი ქვეყნიდან სამში მდგომარეობა ფასდება როგორც „პრობლემური“. ინდექსის მიხედვით, საქართველომაც გააუარესა პოზიციები და 135-ე ადგილზე აღმოჩნდა, ნაცვლად გასული წლის 114-ე ადგილისა. ორი წლის წინ ქვეყანა 103-ე ადგილზე იყო.
ინდექსის თანახმად, 180 შეფასებული ქვეყნიდან ნახევარზე მეტში მდგომარეობა „რთული“ ან „ძალიან სერიოზულია“. „კარგი“ სიტუაცია მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში დაფიქსირდა, მაშინ როცა „დამაკმაყოფილებელი“ რეიტინგი 36 სახელმწიფოს აქვს.
ანგარიშის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტების შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად. პრესის თავისუფლება განისაზღვრება, როგორც „ჟურნალისტების შესაძლებლობა — როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად — შეარჩიონ, შექმნან და გავავრცელონ სიახლეები პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური ჩარევისგან დამოუკიდებლად, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე“.
ამავე რეიტინგში საქართველო 135-ე ადგილს იკავებს 40,77 ქულით და იმყოფება „რთულ“ კატეგორიაში. ამავე კატეგორიაში შედის სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის არაერთი ქვეყანა.
რაც შეეხება კატეგორიას „ძალიან სერიოზული“, მასში ძირითადად შედიან რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.