ჰონგ-კონგში რეგისტრირენული კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის ქართული შვილობილი ფარავანთან 130-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტიდან ხდება ცნობილი.

პროექტს შპს დეიუ ნიუ ენერჯი ფარავანი ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა, ხოლო პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 მარტის განკარგულებით გაუფორმდა შესაბამისი შეთანხმება, ახლა კი დეტალური პროექტი გზშ ნებართვის მოსაპოვებლად ინვესტორმა გარემოსდაცვითი შეფასების პორტალს წარუდგინა.

“შპს ,,დეიუ ნიუ ენერჯი ფარავანის’’ მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საღამოს ტბის აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. საღამოდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით, ზ.ღ.დ-დან დაახლოებით 2500-2800 მ სიმაღლეზე, ჯავახეთის ქედზე, დაგეგმილია ,,ფარავნის’’ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის განხორციელბა. პროექტის ფარგლებში ასათვისებელ ფართობზე დაგეგმილია 21 ქარის ტურბინის განთავსება.

ქარის ტურბინების გარდა ელექტროსადგურის კომპლექტში შედის აგრეთვე 220 კვ ძაბვის ქვესადგური და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა-საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზები (შემდგომში ,,ეგხ’’), რაც მნიშვნელოვანია გამომუშავებული ელექტროენერგიის შეგროვების, ტრანსფორმაციისა და ეროვნულ ელექტროსისტემაში უსაფრთხო და საიმედო ინტეგრაციისთვის. ფარავნის ქარის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრეა შეადგენს 130 მვტ-ს. თითოეული ტურბინის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 6.25 მვტ-ს,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ქარის ელექტროსადგურის განთავსების არეალი:

vetryaniye

The Times of Asia-ს თანახმად, Dayu New Energy Limited-ი საქართველოსთან ერთად განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი ტაჯიკეთშიც, სადაც 500-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

რაც შეეხება ქარის ენერგიის სხვა პროექტებს საქართველოში, გუშინ მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას 2031 წლამდე 1300 მეგავატის სიმძლავრის ქარის ენერგოსადგურები შეიძლება შეემატოს, რაც ინვესტორებთან გაფორმებული შეთანხმებების შედეგია. ამ პროექტებს შორის ყველაზე მალე 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება კომპანია “ფერის” მიერ აშენებული 206-მეგავატიანი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც EBRD 119 მილიონი დოლარის სესხით აფინანსებს. ამასთან, ელექტროსისტემას უკვე მიუერთდა შპს “ზემო ვინდის” 19-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანიამ ააშენა.