28 აპრილს ახალქალაქს ვიზიტით ეწვივნენ ლატვიისა და ნორვეგიის ელჩები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა ადგილობრივი გამოწვევები და ორგანიზაციების მუშაობის პირობები განეხილათ.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით, ახალქალაქში ჩავიდნენ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში ედიტე მედნე და ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი. შეხვედრა ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა — მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.
„მე და ჩემი კოლეგა ვართ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები როგორც საქართველოში, ისე სომხეთში. დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა და თქვენთან საუბარი. დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იმპერიის ნაწილი ვიყავით, ახლა კი თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ. არ მიყვარს საბჭოთა იმპერიის პერიოდის გახსენება, სრულიადაც არა, მაგრამ მინდა გავიხსენო ჩვენი ახლო ურთიერთობები — სომხურ-ლატვიური, ქართულ-ლატვიური ურთიერთობები და ადამიანებს შორის კავშირები. ეს კავშირები დღემდე გვაქვს. ლატვიაში, ისევე როგორც საქართველოში, დიდი სომხური თემია. გვაქვს სომხური ეკლესია, გვყავს ჩვენი საზოგადოების ძალიან ძვირფასი წევრები, ლატვიის კარგად ინტეგრირებული მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ლატვიურ ენას. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში არიან“, — განაცხადა თავის გამოსვლაში ლატვიის ელჩმა საქართველსა და სომხეთში, ედიტე მედნემ.
2023 წლიდან ვარ ნორვეგიის ელჩი სომხეთსა და საქართველოში. ძალიან სასიამოვნოა აქ, ახალქალაქში დაბრუნება. აქ ნოემბერში ვიმყოფებოდი UNDP-თან ერთად და ბევრ თქვენგანს ვცნობ. მიხარია თქვენი კვლავ ნახვა. ჩვენ არ გვაქვს იგივე ისტორიული პრობლემები, რაც ლატვიასა და საქართველოს — ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა საბჭოთა კავშირის ნაწილი. ვეთანხმები, რომ იღბლიანები ვართ. საქართველოსთან მყარი კავშირები 90-იანი წლებიდან გვაქვს. ჩვენ ვეხმარებოდით საქართველოს, და შედარებით ნაკლებად სომხეთს, სუვერენულ განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციაში პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ. საქართველო ჩვენთვის უკვე მრავალი წელია პრიორიტეტული ქვეყანაა. საქართველოში 3 წელია ვიმყოფები და ძალიან სასარგებლოა ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან დროის უმეტეს ნაწილს დედაქალაქში, თბილისში ვატარებთ. თუმცა, თბილისში ყოფნისას ჩვენ არ გვიქმნება სრული წარმოდგენა ზოგადად საქართველოში არსებულ სიტუაციაზე“, — განაცხადა ნორვეგიის ელჩმა სომხეთსა და საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა წარდგენისას.
ელჩები დაინტერესდნენ იმ პრობლემებითა და გამოწვევებით, რომლებსაც დამსწრეები რეგიონში აწყდებიან, აგრეთვე იმით, თუ როგორ ართმევენ თავს ორგანიზაციები საქმიანობას და როგორ მუშაობენ ახალ პირობებში. თითოეულმა ორგანიზაციამ ისაუბრა საკუთარ საქმიანობაზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც ისინი მუშაობენ.