ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალური ქონების — პარკების, სპორტული მოედნების, ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა ობიექტების სარეაბილიტაციოდ 60 000 ლარი გამოყო. დღეს, 28 აპრილს, საკრებულოს სამი გაერთიანებული კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის დეტალები განიხილეს. სამუშაოების შემსრულებელი ტენდერის (კონკურსის) საფუძველზე გამოვლინდება.
JNEWS უკვე მრავალი წელია აყენებს საკითხს პარკებისა და სხვა მუნიციპალური ობიექტების შეკეთების, ამ მიზნით თანხების გამოყოფისა და მუშახელის ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პარკები, საფეხბურთო მოედნები და სხვა ობიექტები დროთა განმავლობაში ზიანდებოდა და შეკეთებას საჭიროებდა. ქალაქში არსებულ საქანელებს ნაწილობრივ ახალქალაქის სერვის-ცენტრი აკეთებდა, თუმცა მთელი მუნიციპალური ქონების რეგულარული მოვლა-პატრონობისთვის დამატებითი სახსრები და სამუშაო ძალა იყო საჭირო.
აღნიშნული საკითხი 2026 წლის ბიუჯეტის მორიგ ცვლილებებში შევიდა. ცვლილებები დეპუტატებს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა წარუდგინა.
მისი თქმით, გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება სამუშაოების პრეისკურანტით (ფასების ჩამონათვალით).
„პრეისკურანტი მოიცავს სხვადასხვა სახის სამუშაოს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ხელშეკრულების შესაბამისად შევძლოთ დაზიანებების აღმოფხვრა“, — განაცხადა კარენ მერგელიანმა.
მუნიციპალური ქონების შეკეთებისთვის 60 000 ლარის გამოყოფის ინიცირება ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა.
როგორც მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში თანხა შესაძლოა გაიზარდოს. თუ ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ეს კონკურსის შედეგების მიხედვით გამოვლინდება.