სოფელ დადეშის ძველი სკოლის შენობა აუქციონზეა გამოტანილი, თუმცა აუქციონი ტარდება არა შენობებისა და მიწის ნაკვეთის გასაყიდად, არამედ ძველი ნაგებობების დემონტაჟისთვის. ტერიტორია სკოლის საკუთრებაში დარჩება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შენობების ადგილზე სპორტული მოედნის აშენება იგეგმება.
დადეშის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ერთსართულიანი საკლასო ოთახებისა და დამხმარე შენობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და იგი არ შეესაბამება სეისმური მშენებლობის სტანდარტებს. სარემონტო სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, ამიტომ შენობები, სპეციალურად შემუშავებული პროექტის შესაბამისად, დემონტაჟს ექვემდებარება.
ახალქალაქის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის, თამაზ გვარამაძის თქმით, ძველი სკოლა სახელმწიფო საკუთრებაა.
„როდესაც შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მისი პრივატიზება შეუძლებელია, ჩვენ მას აუქციონზე დემონტაჟის მიზნით გამოვიტანთ ხოლმე. ასეთივე სიტუაციაა სოფელ დადეშის ძველი სკოლის შემთხვევაშიც. ობიექტი აუქციონზე დემონტაჟისთვის გაიტანეს, რის შემდეგაც ტერიტორია სკოლის საკუთრებაში დარჩება“, — აღნიშნა თამაზ გვარამაძემ.
სოფლის მაცხოვრებლებმა და მუშებმა, რომლებიც სკოლის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ, Jnews-თან საუბრისას ძველი, ავარიული შენობების ადგილზე სპორტული მოედნის აშენების იდეაზე ისაუბრეს. სოფელ დადეშის სკოლის დირექტორმა, სურენ აკობიანმა ჩვენს კითხვაზე, აშენდება თუ არა სპორტული მოედანი, უპასუხა, რომ ჯერ შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს მოედნის მშენებლობის საკითხზე.