25 აპრილს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა დოკუმენტური ფილმის — „მოციქულთა მონასტრის ბრძოლის“ ჩვენება, რომელიც პირველი სომხურენოვანი AI (ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი) დოკუმენტური კინოსურათია.

ჩვენებას ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან და ჯავახეთიდან: საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდები და კინომოყვარულები. ხალხით სავსე დარბაზი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ეკრანს. დამსწრეთა სახეებზე იკითხებოდა დიდი სიამაყე, ზოგიერთები კი ემოციებს ვერ მალავდნენ და ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

hayartun_5

დოკუმენტური ფილმის ავტორია სომხური კვალის მკვლევარი, წარმოშობით ჯავახი სომეხი რევიკ კარაპეტიანი. ის „ჰაიარტუნ“ ცენტრში სომხეთის ისტორიას ასწავლიდა. რევიკ კარაპეტიანი წლების განმავლობაში იკვლევდა როგორც ძველი თბილისის, ისე ისტორიული სომხეთის არაერთი პროვინციის ისტორიას — იგი პირადად სტუმრობდა და აღნუსხავდა ისტორიულ ადგილებსა და მემორიალურ ძეგლებს.

უკვე რამდენიმე წელია, ავტორი მართავს YouTube არხს, სადაც სომხეთის ისტორიის ნაკლებად ცნობილ ფურცლებს აცოცხლებს. „მოციქულთა მონასტრის ბრძოლა“ მისი მეორე AI დოკუმენტური ფილმია. პირველი მათგანი ჰოვსეპ ემინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა და დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების წყალობით, ახალი ფილმი ხარისხით საგრძნობლად აღემატება წინას.

ფილმის შექმნის მოტივზე საუბრისას რევიკ კარაპეტიანი ამბობს:

„როდესაც დავინახე, რომ დღეს სომხურ სეგმენტში, და არა მხოლოდ, ხელოვნური ინტელექტი მეტწილად უხარისხო კონტენტის შესაქმნელად გამოიყენება, გადავწყვიტე მეჩვენებინა, რომ AI-ის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ უტაქტო იუმორის შექმნა, არამედ სომეხი ხალხის ისტორიის მოყოლა, ჩვენი დიდებული ისტორიული ეპიზოდების შეხსენება და მუდამ მსხვერპლის როლში ყოფნის კომპლექსისგან გათავისუფლება. ბავშვობიდან, როდესაც პირველად წავიკითხე „რანჩპარების ძახილი“, სწორედ ამ ეპიზოდით ვიყავი შთაგონებული. სწორედ ამიტომ, წლების შემდეგ გადავწყვიტე ვიზუალურად გამეცოცხლებინა ის, რაც, ჩემი აზრით, იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გმირული და დიდებული მომენტია — მოციქულთა მონასტრის ბრძოლა“.

hayartun_4

ჩვენებას ასევე ესწრებოდა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი, რომელიც მსგავსი ფილმების შექმნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უწყვეტ ხასიათს უნდა ატარებდეს.

„პირველ რიგში, დიდება და პატივი რევაკ კარაპეტიანს, რომელმაც კვლავ გააცოცხლა ეს ისტორია. მოციქულთა მონასტრის ბრძოლაში სრულად გამოვლინდა სომეხი ერის ღმერთთან სიახლოვე და ღირსება. ჩემთვის ღმერთი არის ღირსება და სიყვარული; თუ ადამიანს ეს ყველაფერი თავისი სამშობლოს მიმართ არ გააჩნია, იგი ღვთისგან დაშორებული კაცია. სწორედ ღირსებას მიჰყავს ადამიანი ღმერთთან. ამ ბრძოლამ დიდი ხნით შეცვალა დამოკიდებულება მუშის ველისა და სასუნის სომხების მიმართ, რადგან გამოვიდნენ სომეხი ერის ღირსეული შვილები, ანდრანიკისა და გევორგ ჩაუშის მეთაურობით, და დაიცვეს საკუთარი ღირსება. ვფიქრობ, ეს ციკლი უნდა გაგრძელდეს, რათა მასობრივი გახდეს და ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ ჩვენ გვაქვს უფლებები და ღირსება. უნდა გამოვიყენოთ ეს უფლებები, რათა არ განვადგურდეთ ისე, როგორც გავნადგურდით 111 წლის წინ“.

hayartun_3

ჩვენება დასრულდა თბილი დისკუსიით, რომლის დროსაც დამსწრეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და აზრები გააზიარეს. ფილმი მოწმობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ეროვნულ-კულტურული ინსტრუმენტიც, რათა ისტორია მომავალ თაობებს მიმზიდველი ფორმატით გადაეცეს.

hayartun_1