2026 წლის იანვარ-თებერვალში ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 32 ტონით შეავსეს – ამის შესახებ ირკვევა World Gold Council-ის ბოლო მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მიერ იანვარში ოქროს წმინდა შესყიდვებმა 5 ტონა, თებერვალში კი 27 ტონა შეადგინა.
10 ქვეყანა, რომელსაც ოქროს ყველაზე დიდი რეზერვები აქვს
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში ყველაზე მეტი ოქროს რეზერვი (2026 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, რომელიც 2025 წლის ბოლოს ყველაზე მეტი მოცულობის ოქროს რეზერვებს ფლობდა:
ამერიკის შეერთებული შტატები – 8 133 ტონა;
გერმანია – 3 350 ტონა;
იტალია – 2 452 ტონა;
საფრანგეთი – 2 437 ტონა;
რუსეთი – 2 327 ტონა;
ჩინეთი – 2 306 ტონა;
შვეიცარია – 1 040 ტონა;
ინდოეთი – 880 ტონა;
იაპონია – 846 ტონა;
თურქეთი – 614 ტონა.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-მა 332.152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა.
2026 წლის მარტის მდგომარეობით, სარეზერვო ოქროს ღირებულება 1.057 მლრდ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 6.316 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი რეზერვების 16.7%-ს ოქრო შეადგენს.