დღეს, 24 აპრილს, ახალქალაქის სურბ ხაჩის საკათედრო ტაძრის ეზოში, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა გენოციდის 111-ე წლისთავთან დაკავშირებით, წმინდა მოწამეთა მეოხების პარაკლისი აღესრულა. ახალქალაქის მცხოვრებლებმა ყვავილებით შეამკეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართული ხაჩქარი და წმინდა მოწამეთა მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს.

Genocid - 1

ღვთისმსახურება აღასრულეს ახალქალაქის სურბ ხაჩის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვრის მოადგილემ ტერ ნშან ჰმაიაკიანმა. ხაჩქართან ყვავილები მიიტანეს პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ ფალიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებმა.

Genocid - 1

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ხაჩქარი ყვავილებით ასევე შეამკეს მერიის, საკრებულოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა. ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან ასობით მოსწავლე და მასწავლებელი ასევე მოვიდა ყვავილებით სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ახალქალაქის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ალექსანდრე.

24 აპრილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. დღეს ათასობით ადამიანი სტუმრობს ერევნის წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, რათა პატივი მიაგოს მეოცე საუკუნის დასაწყისში გენოციდის მსხვერპლად ქცეული მილიონ-ნახევარზე მეტი სომეხის ხსოვნას. გენოციდის დროს „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული“ სომხები დასახლდნენ და ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში. ყოველ წელს, ამ დღეს, ისინი ითხოვენ სომეხთა გენოციდის აღიარებას იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ და მოითხოვენ ისტორიულ სამართლიანობას.

Genocid - 1

გენოციდის თემა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც საერთო ამოსავალი წერტილია მთელი სომხობისთვის. ხოლო სომეხთა გენოციდის აღიარება იმ ქვეყნის მიერ, რომლის მოქალაქეც და მცხოვრებიცაა სომეხი, მისთვის ყოველთვის რჩება მნიშვნელოვან საკითხად. დღეისათვის მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ, ისევე როგორც აშშ-ის ყველა (50-ვე) შტატმა, ოფიციალურად აღიარა 1915 წლის სომეხთა გენოციდი. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ჯერ არ უღიარებიათ მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დარბევები გენოციდად.