შვიდწლიანი მივიწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ქუთაისში ელექტრომობილების აწყობის იდეას კვლავ დაუბრუნდა. სახელმწიფო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 141 600 ევროდ შეუკვეთა. ამის შესახებ bm.ge წერს.

კვლევის ჩატარებაზე კონტრაქტი ქართულ კომპანია „ბიდიო კონსალტინგთან“ გაფორმდა. მისი სუბკონტრაქტორები ჩინური კომპანიები — BDO China და CACI (Jilin) Technology Service იქნებიან.

კვლევა სამ თვეს გასტანს. სააგენტო საბოლოო შედეგს არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა მიიღებს.

ეკონომისტებმა უნდა შეაფასონ, რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყება. განსაკუთრებული ფოკუსი სწორედ ქუთაისზე კეთდება, როგორც ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელსაც აქვს მზა ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური წვდომა პორტებსა თუ რეგიონულ ბაზრებთან.

ანალიტიკოსებმა უნდა შეისწავლონ მოთხოვნა ქვეყნის შიგნით, რეგიონში და საექსპორტო ბაზრებზე; შეაფასონ ტექნოლოგიური კონფიგურაციები (მსხვილი კვანძოვანი აწყობიდან სრულ ციკლამდე); გააანალიზონ მიწოდების ჯაჭვები და მოამზადონ ფინანსური მოდელი.

გარდა ამისა, კონსულტანტები გამოთვლიან პროექტის ეკონომიკურ ეფექტს: გავლენას დასაქმებაზე, ექსპორტსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე. ასევე განსაზღვრავენ, მხარდაჭერის რა ფორმები შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფომ ინვესტორს: საგადასახადო შეღავათები თუ ინფრასტრუქტურული დახმარება.

კვლევის შედეგების საფუძველზე „ბიდიო კონსალტინგი“ გასცემს სამიდან ერთ-ერთ რეკომენდაციას:

Go — პროექტი უნდა განხორციელდეს;

Conditional Go — განხორციელდეს გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში;

No-Go — იდეაზე უარი უნდა ითქვას.

როგორ ჩაიფუშა ეს პროექტი 2019 წელს

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის გეგმების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველად 2019 წელს გამოაცხადა. მაშინ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქართულმა ჰოლდინგმა AiGroup-მა და ჩინურმა კონსორციუმმა Changan Automobile-მა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებლობა 24 თვეში დასრულდებოდა.

2020 წლისთვის იგეგმებოდა პირველი ქართული ელექტრომობილის — „ორვოს“ წარდგენა, რომელიც Changan Eado-ს სედანის ბაზაზე შეიქმნებოდა. ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ევროკავშირსა და აზიის ქვეყნებში ყოველწლიურად 5 ათასამდე ავტომობილის ექსპორტს განახორციელებდა, პერსპექტივაში კი სიმძლავრეებს წელიწადში 40 ათას ავტომობილამდე გაზრდიდა.

პროექტი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაიყინა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში აღჭურვილობა უკვე შემოჰქონდათ და ქარხანა აი, აი, უნდა გაშვებულიყო. მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კურსის ცვლილების შესახებ გამოაცხადა: ავტომობილების აწყობის ნაცვლად, საქართველო აკუმულატორების წარმოებით დაკავდებოდა. თუმცა, ვერც ეს პროექტი განხორციელდა.

მასალა: „ბიზნეს საქართველო“ (Бизнес Грузия)