„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, 21 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები წარადგინა. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე, გელა (გეკა) გელაძე და სულხან თამაზაშვილი.

შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი: გელა (გეკა) გელაძეს სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს, რომელსაც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე კანდიდატურა ჯერჯერობით არ წარდგენილა.

შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი, გელა გელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობას დაიკავებს. მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელი აღარ იქნება.

მამუკა მდინარაძე დაინიშნა ვიცე-პრემიერად. მთავრობის სტრუქტურაში ასევე ემატება ახალი შტატი — სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ამ პოსტს ასევე მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ახალი თანამდებობა შეიქმნება, კობახიძის თქმით, პარლამენტს ხვალამდე წარედგინება:

„მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მომდევნო სასესიო კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით მიიღოს… მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის“.

ვიცე-პრემიერის პოსტს ასევე დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ამრიგად, მთავრობას ეყოლება სამი ვიცე-პრემიერი (ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე და მაკა ბოჭორიშვილი).

გელა გელაძე შს მინისტრად 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა და მან ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა.

სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 5 აპრილს დაინიშნა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად — მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.

მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტზე 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. მან ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა.