მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება

17.04.2026 Newsroom სიახლე 1000
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება.

„შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.

კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე