ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები გასულ 2024 წელს დაიწყო, მშენებლობას კომპანია „მედმშენი“ ახორციელებს.
№2 საბავშვო ბაღის ძველი შენობა თითქმის დანგრეულია, დანგრეულია შიდა ტიხრები, შემორჩენილია მხოლოდ ძირითადი კედლები, რომელთა გამაგრებაც მიმდინარეობს. ასევე გამაგრებულია საძირკველი, ფანჯრები და კარები.
პროექტის მიხედვით, შენობა ორივე მხრიდან გაფართოვდა 3 მ და 7 მ-ით, ანუ გაზრდილია საბავშვო ბაღის ფართობი. საბავშვო ბაღის ახალი შენობის ფართობი 400 კვ.მ-ით გაიზრდება რეკონსტრუქციამდე 600 კვ.მ.
სამუშაოს ხელმძღვანელის, ანზორ ქაფიანიძის თქმით, მათ თითქმის მთელი საძირკველი გაამაგრეს.
„1000 კუბური მეტრი ნაგავი, 500 კუბური მეტრი მიწა ამოვიღეთ და საძირკველი ბეტონით გავავსეთ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული შენობა. საერთო ფართი იქნება დაახლოებით 1500 კვ/მ.ყველა პრობლემა რაც გაჩნდა, გადასაჭრელი იყო, მერია გვეხმარება, განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა“, – თქვა ანზორ ქაფიანიძემ.
შენობის გაფართოებასთან ერთად წყლისა და კანალიზაციის ხაზები შენობის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომ მერიამ ახალი ხაზების მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყო. გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ამინდის პირობებმა ხელი შეუშალა დასრულებას.
„ამ საქმეზე ვართ დამოკიდებული, სანამ ეს სამუშაო არ დასრულდება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ“, – დაამატა ანზორ ქაფიანიძემ.
ტერიტორიის გაფართოებას ასევე ხელს უშლის ეზოში არსებული სამი დიდი ხე, რომელთა მოჭრა მერიამ დაჰპირდა.
სამუშაოების ხელმძღვანელის თქმით, მშენებლობაზე ძირითადად ადგილობრივი მუშები მუშაობენ. ზამთარში სამუშაოები არ შეჩერებულა, თუმცა მხოლოდ ერთი ან ორი მუშა მუშაობდა, ახლა კი მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. ქალაქ ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით გარემონტდება.ტენდერი 7 მილიონ 522 ათასი ლარის ოდენობით კომპანია „მედმშენმა“ მოიგო. ტენდერი ფასთა ჩამონათვალის მიხედვით გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 830 175,19 ლარია. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 666 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.