რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა

რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვებზე გაგზავნილ პასუხებში განმარტებულია, რომ მათგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი).

„გაცნობებთ, რომ ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით – 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე – 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს.

აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე