სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი და რუსული მედია ავრცელებენ.
როგორც მედია იუწყება, ერევანში, სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან ერთად, ასევე იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ნიკოლ პაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია: “მინდა აღვნიშნო, რომ ომის დროს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით რუსეთის ფედერაციის, რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის და თქვენ პირად მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობა მინდა გადავიხადო”.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ასევე განმარტა: “რა თქმა უნდა, რთული პერიოდი იყო ომამდე, მაგრამ ახლა უფრო რთული დროა. ვიმედოვნებთ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, ასევე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში.
რა თქმა უნდა, ახლა ჩვენს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება განსხვავებულია. იგი შეიცვალა, ამ ვითარების ყველა პარამეტრი ჯერ შესწავლილი არ არის. და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, თანამშრომლობა კი უფრო მჭიდრო და სტრატეგიული იქნება. მადლობა”.
თავის გამოსვლაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა: “ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძე, დიდი მადლობა მიღებისა და შეხვედრისთვის. ჩვენ ძალიან კონკრეტული დავალებებით მოვედით. თქვენ იცით, რომ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ, ჩვენ სწრაფად მოვიწვიეთ სამშვიდობო ძალები, რომელთა განთავსებაც გუშინწინ დავასრულეთ. დღეს, პრაქტიკულად, ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე, 23 სადამკვირვებლო პუნქტია განლაგებული, ჩვენ ვაკონტროლებთ სტეპანაკერტისკენ მიმავალ გზას, ლაჩინის დერეფანს, ვუზრუნველყობთ გადაადგილებას და იქ დარჩენილი ლტოლვილების დაბრუნებას”.
სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანაა სისხლისღვრა არ დაუშვან.
“მომავალში დიდი სამუშაოა მოსალოდნელი, ამჯერად, იმედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება დამყარებული ყარაბაღში. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა სისხლისღვრის თავიდან აცილებაა, ჩვენი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანა და უეჭველად ვაპირებთ მის განხორციელებას. გარდა ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს განვიხილოთ ჩვენი სამშვიდობოების სამომავლო ცხოვრება და საქმიანობა, ამ საკითხებთან დაკავშირებული საჭიროებების დადგენა. და, რა თქმა უნდა, მსჯელობა იმ ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს თანამშრომლობას “სამხედრო” და “სამხედრო-ტექნიკური” კუთხით. ჩვენ გვაქვს კარგი პროგრამა და იმედი გვაქვს, რომ მას განვახორციელებთ. გმადლობთ”,- თქვა მან.