გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ისე, რომ არ დავკარგოთ არც ერთი ადამიანის ხმა, – არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციას თბილისის მერმა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მიმართვის ტექსტი კალაძემ სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციას, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს. მისი თქმით, საქართველო “ახალგაზრდა დემოკრატიის” ქვეყანაა და საარჩევნო პროცესი ჯერ ახლა იწყებს გასრულყოფილებას.
“ჩვენი მთავრობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შესაძლოა ჰქონდეს ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც ხდება ხოლმე ნებისმიერი არჩევნების დროს. მათ გამოსასწორებლად ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რაც შესაძლებელია.
ამის ნათელი მტკიცებულებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რასაც მოჰყვა საჩივრების განხილვა, უბნების ხელახლა გადათვლა ოპოზიციის უფლებამოსილი პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით, მათი პრეტენზიების გათვალისწინებით და ა.შ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას და პოლიტიკურ სუბიექტს – თუ მართლაც გვსურს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ამომრჩევლისთვის კონკრეტული შედეგი, ქუჩისა და დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავის არ მოუტანს სიკეთეს, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკებების ფორმატში და ჩავრთოთ მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ერთის გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი მეორეს. ჩვენმა მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი არჩევანი, ამიტომ, მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა არც ერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს – არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის!
ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა – საშინაო, რეგიონალური და საერთაშორისო.
არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა, პირველ რიგში არის გზავნილი ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის, რათა ჩვენ ვიმუშაოთ ერთად, ქვეყნის სასიკეთოდ კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად.
მოლაპარაკებები, პოლიტიკური კონსენსუსი, საქმიანი გარემო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა მიმართვაში კალაძემ.
საქართველოში, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შევა, რომელთაგან 8 ოპოზიციურია. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48% მიიღო და კიდევ ერთი მაჟორიტარული მანდატის მიღების შემთხვევაში პარლამენტში უმრავლესობა გარანტირებული ექნება. გარდა ამისა, ოპოზიციურად განწყობილი პარტიები ამ არჩევნებში გამარჯვებას და კოალიციის შექმნა იმედოვნებდნენ. მათი მოსაზრებით, მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველმა პარტიამ ხმების 8% ფალსიფიკაციის გზით მიიღო, რაზეც მიუთითებს საარჩევნო და ხმების დათვლის პროცესში მრავალრიცხოვანი დარღვევები.
ცესკო აღიარებს დარღვევებს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რამაც შესაძლებელია არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საპასუხოდ ოპოზიცია ამზადებს სასამართლო სარჩელს, მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას. არჩევნებში გასული რვავე პარტია უარს ამბობს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და მუშაობის დაწყებაზე. ამგვარად, შესაძლებელია შეიქმნას ვითარება, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს.
მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ადასტურებენ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და ის კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო სამოქალაქო თავისუფლება.