საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზებზე, პრემიერობის შესაძლო კანდიდატებზე და ამ პროცესებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას როლზე, JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) წამყვანი ექსპერტი გელა ვასაძე ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს გადადგა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რა ხდება?
– ძალიან უბრალო რამ მოხდა. როცა “ქართული ოცნების” ერთმა შიდა ჯგუფმა ნიკა მელიას ქეისი დაიწყო, მშვენივრად იცოდა, რით დამთავრდება ეს. მშვენივრად იცოდნენ, რომ ერთი მხრივ, ეს ოპოზიციას პარლამენტში შესვლის ჰიპოთეტურ შესაძლებლობასაც გადაუჭრიდა. მეორე რიგში, მელია არ დაემორჩილება, და მას დააპატიმრებენ. პრინციპში, ეს გაწერილი კომბინაციაა, არა ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ “ოცნების” შიგნით, ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის. სიტუაცია, რომელიც ახლა შეიქმნა, საკმაოდ გასაგებია, რადგან გახარიას მშვენივრად ესმოდა, რომ მისგან ისევ გამოიყვანენ განტევების ვაცს. ის “გავრილოვის ღამეს” უკვე მონაწილეობდა ამ ფილმში, თუმცა კარგად არის ცნობილი, რომ მას დარბევის ბრძანება არ გაუცია, მაგრამ იმავე დროს, მას არ გაუცია ამ შეწყვეტის ბრძანებაც. ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ მან არ მოინდომა მსხვერპლის როლში ყოფნა, განსაკუთრებით აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ. აქ გახარიამ დაასწრო და გადადგა, ამასთანავე ხელი მოტეხა იმ ჯგუფს, რომელიც ახლა ხელისუფლებისკენ მიისწრაფვის. საკმაოდ საინტერესო პრეცედენტი მოხდა.
რომელ ჯგუფზეა საუბარი?
– იქ სხვადასხვა ჯგუფებია, თვითონ “ოცნების” შიგნით. გახარია პოლიტსაბჭოს გასულ სხდომას არ ესწრებოდა. ჭორებს თანახმად, ირაკლი კობახიძეს უთქვამს, რომ ყველა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი მართველი პარტიის თავმჯდომარეაო. პრემიერის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურის წამოყენების ვერსია არსებობს. ლოგიკურია, ასევე, რა თქმა უნდა, რომ პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ აქ ლოგიკა ნაკლებად მუშაობს. შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტები. ახლა თვითონ “ოცნების” შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. გახარია, თავის ჯგუფთან ერთად ყველაზე სუსტი რგოლი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დამთავრდა. ბრძოლას ის არა, მაგრამ სხვები განაგრძობენ.
თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც მოულოდნელად გადადგა, შესაძლებელია თუ არა პარალელების გავლება?
– ეს იგივე სცენარი არ არის. კვირიკაშვილი თვითონ ივანიშვილმა გადააყენა, როცა საკუთარი ხელისუფლებისა და კონტროლის საფრთხე იგრძნო. აღნიშნულ შემთხვევაში ივანიშვილი შორიდან ადევნებდა თვალს, თუ ვინ მოიგებდა ამ ბრძოლაში. მას ესმოდა, რომ გახარიას ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ამჯერად არ ჩაერიოს.
გიორგი გახარია საქართველოში საკმაოდ პოპულარული პოლიტიკოსია, აქვს თუ არა მას მხარდაჭერა?
– მას პრაქტიკულად არ აქვს მხარდაჭერა. საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი არ ჰყავს, უფრო სწორად, ჰყავს, მაგრამ ძალიან სუსტი, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედარებით. ამიტომ ვთქვი, რომ გახარია ყველაზე სუსტი რგოლი იყო.
რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში ნიკა მელიას საქმემ?
(31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პარტია “ენმ”-ს ლიდერმა თვალთვალის ელექტრონული სამაჯურის ტარებაზე და პირობითი გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. უკანასკნელი გარემოების საფუძველზე პარლამენტმა მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა).
– ნიკა მელიას საქმემ ძირითადი როლი შეასრულა, რადგან ფაქტობრივად ამ საქმემ მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, როცა ხელისუფლებას ძალა უნდა გამოეყენებინა. იმის გათვლა, რომ ეს ასე იქნებოდა, ძალიან მარტივი იყო. გასაგებია, რომ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი იქნებოდა პრემიერ- მინისტრი. გახარიამ პასუხისმგებლობის მეორედ აღება არ მოინდომა. იგივე თემით. მან დასწრებაზე ითამაშა.
შეიძლება თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნიკა მელიას საქმე პროვოკაციად ჩაითვალოს?
– არ მგონია, რომ ეს პროვოკაციაა – ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა, რადგან, როცა ადამიანს მეორედ აიძულებენ გირაოს გადახდას – ეს ნაკლებად ლოგიკურია. ანუ 30 000 ლარი უკვე შეტანილია. ნიკა მელიამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაიმალოს. მოდით არ დავივიწყოთ რაში ადანაშაულებენ მას. მას სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებენ. ჩემი აზრით, ეს სრული სიგიჟეა. სახელმწიფო გადატრიალება ცარიელ პარლამენტში? მას შემდეგ, რაც ვნახეთ, როგორ შედიოდნენ ბაქოში ცარიელ პარლამენტში, ნოემბერში იგივე მოხდა ერევანში, როცა ცარიელ პარლამენტში შედიან, ხალხიც შედის, ასე არ ხდება სახელმწიფო გადატრიალება. ეს სრული სიცრუეა. რეალურად გასაგები იყო, რომ ნიკა მელია უარს იტყოდა – პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკაა. მას უარი, რომ არ ეთქვა, პოლიტიკოსი არ იქნებოდა.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
– მე შესაძლო კანდიდატები უკვე დავასახელე, კობახიძე, წულუკიანი და მაია ცქიტიშვილიც შეიძლება. თუკი სხვა ვინმე იქნება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თამაშში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.
შეიძლება თუ არა კიდევ ერთ კანდიდატად კალაძე ჩაითვალოს?
– ბევრი საუბრობს კალაძეზე, მაგრამ მეეჭვება, რადგან მას მშვენიერი მერის წოდება აქვს. კალაძე აკონტროლებს ქალაქს, სადაც საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, უზარმაზარი ბიუჯეტით. მას ამ სიტუაციაში პრემიერ – მინისტრობის ამბიცია არ აქვს. არ ვამბობ, რომ მას საერთოდ არ ექნება მსგავსი ამბიცია. მაგრამ მსგავს სიტუაციაში კალაძესთვის პრემიერობა არ არის მომგებიანი.
JNEWS-თან წინა ინტერვიუში თქვენ კობახიძე, არც ისე ძლიერ პოლიტიკოსად შეაფასეთ. ამ დროის განმავლობაში რა შეიცვალა?
– ის არც დღეს არის ძლიერი ლიდერი. ჯგუფი. მას ჰყავს ჯგუფი, თუმცა ის არის ჯგუფის წევრი.
რაზე მეტყველებს აშშ-ს მხრიდან ამ სიტუაციის შეფასება?
– აშშ-მ ნეგატიური, საშინელი შეფასება გააკეთა. რადგან, როცა აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანია, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა არ არსებობს. განცხადება ძალიან მძიმეა, უბრალოდ ყველამ არ წაიკითხა ის. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა არ არის.
სიტუაცია, რამდენიმე წუთში შეიცვალა, წამოყენებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა…
– რადგან მელიას საქმე ძალოვნების მიერ იყო ინიცირებული, ხოლო ღარიბაშვილი ერთ-ერთი მათგანია, სავსებით შესაძლებელია, რომ განიხილეს. არა, ღარიბაშვილი იქნება დანიშნული, ხელისუფლება კონფრონტაციული სცენარით წავიდა. უბრალოდ ღარიბაშვილზე არავინ ფიქრობდა, რადგან ის პრემიერი უკვე იყო.