საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

9 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას, რომლის საფუძველზეც მთიან ყარაბაღში ყველა საომარი მოქმედება 2020 წლის 10 ნოემბრიდან უნდა შეწყდეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი დარჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, უნდა გაცვალონ სამხედრო ტყვეები. გარდა ამისა, ყარაბაღში დაახლოებით 2 ათასი რუსი სამშვიდობო განთავსდება.