საქართველოს სომეხთა დახმარების კავშირის ადმინისტრაცია რუსეთში მცხოვრები ნინოწმინდის მოსახლეობის მხარდაჭერით, უკვე ერთი კვირაა ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ხელმოკლე ოჯახებს კვების პროდუქტებით ეხმარება. პროგრამით უკვე, 80-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.
“ამ დღეებშიც კი, სომეხთა დახმარების კავშირი ჯავახეთში მცხოვრები ასობით ხელმოკლე ოჯახის შესახებ არ ივიწყებს. თითოეულ ოჯახს კვების ერთი თვის მარაგით უზრუნველვჰყოფთ. ჩვენ პროგრამაში 80 ოჯახი ჩავრთეთ, სადაც შედიოდნენ მრავალშვილიანი ოჯახები, ობლები, მარტოხელები და ავადმყოფი ადამიანები”, – თქვა საქართველოს სომეხთა დახმარების კავშირის თავმჯდომარე კარინე თადევოსიანმა.
პროექტი ახალციხეში დაიწყო, შემდეგ ნინოწმინდაში და ახალქალაქში გაგრძელდა. თითოეულმა გაჭირვებულმა ოჯახმა 3 ყუთი კვების პროდუქტი მიიღო.
დახმარების აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა რუსეთში მცხოვრები ნინოწმინდის მოსახლეობა, რომლებიც საქართველოს სომეხთა დახმარების კავშირთან ერთობლივად უკვე ხელმეორედ ახორციელებენ გაჭირვებული ოჯახების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამას.
“ალბერტ ისოიანის მშვენიერი ოჯახი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, კვლავ ეხმარება ჯავახეთს. ისოიანის რძალს, აიდა ისოიანს, მოსკოვში ფონდი “წმინდა ჯვარი” აქვს, სადაც შემოწირულობა ნინოწმინდელებს შეაქვთ. მათი წყალობით, ამ დღეებში ვახორციელებთ საქველმოქმედო პროგრამებს”, – განაცხადა საქართველოს სომეხთა დახმარების კავშირის თავმჯდომარე კარინე თადევოსიანმა და იქვე დასძინა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ხალხი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ფონდს, რისი წყალობითაც ამ პროგრამის რეალიზება მოხერხდა.