ფეისბუქის ადმინისტრაციამ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ქსელი წაშალა. ქსელის პოსტების შინაარსი შიდა პოლიტიკასა და არჩევნებს მოიცავდა.
როგორც DFRLab-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, პროდასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” პოპულარობისა და ანტიდასავლური ნარატივის გასაზრდელად, ქსელის წევრები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებს.
ფეისბუქის განცხადებით, ქსელი ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო, როდესაც ის აღმოაჩინეს და წაშალეს.
“ყალბი ანგარიშები ქმნიდნენ არარსებულ პიროვნებებს, აკომენტარებდნენ მომხმარებლების პოსტებზე, აქვეყნებდნენ პოსტებს ჯგუფებში და მართავდნენ გვერდებს. ამ ფეისბუქ გვერდების ნაწილი ახალი ამბების გამავრცელებლადაც პოზიციონირდებოდა“, — აცხადებს ფეისბუქი.
ქსელის მიერ გამოქვეყნებული, რამდენიმე პოსტი საქართველოში ამოქმედებულმა ფეისბუქის ფაქტჩეკმა ყალბ ამბად მონიშნა. ფეისბუქი აცხადებს, რომ მათ მოქმედება 2019 წლის დეკემბერში დაიწყეს და თავდაპირველად, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. 2020 წლის მაისში, მათ ფოკუსი გადაიტანეს პოლიტიკური პარტიის, ქართული არჩევანის სასარგებლოდ.
ფეისბუქმა ამ ქსელის გამოვლენის შემდეგ წაშალა 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში.
კომპანია ფეისბუქმა ოქტომბერში ასევე წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 39 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 „ინსტაგრამ“-ანგარიში გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ფეისბუქის“ განმარტებით, კომპანიამ აღნიშნული ქსელი რეგიონში „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წაშალა.
კომპანიამ ასევე წაშალა პოლიტიკურ პარტიებთან – “პატრიოტთა ალიანსთან” და “ქართულ არჩევანთან” – დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი, და 21 „ინსტაგრამ“-ანგარიში. „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გვერდების აქტივობის სამიზნე საქართველოს შიდა აუდიტორია იყო.
კომპანია ასევე განმარტავს, რომ ორივე ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციის გაანალიზების გზით მიაკვლია.