ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ „ქართული მარში” აზერბაიჯანს დაემუქრა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ აქციაზე ულტიმატუმი წაუყენა.
დღეს, შუადღისას, შეძახილებით “გარეჯი საქართველოა” და “საქართველოს გაუმარჯოს”, “ქართული მარშის” 50-მდე წარმომადგენელმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გამართა, რომლის ნაწილი სადავოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
მოგვიანებით, “ქართული მარშის” ლიდერმა ჟურნალისტებს აცნობა: „ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას 10-დღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდგომ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან”, და აზერბაიჯანელებს „ყიზილბაშები” უწოდა.
ულტიმატუმის არშესრულების შემთხვევაში, ბრეგაძე და მისი თანამოაზრეები სადავო ტერიტორიის „მშვიდობიანად” დაკავებით იმუქრებიან.
მარშის ლიდერი, ასევე, ლიფსიტებს უწოდებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომელთაც პროკურატურა საქართველოს საზიანოდ 1938 წლის რუკის დამალვას ედავება. ბრეგაძის მტკიცებით, დავით გარეჯი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის დავალებით „გაყიდეს”.
აღსანისნავია, რომ “ქართული მარში” დავით გარეჯში კიდევ ერთი საპროტესტო აქციადან მივიდა- ყოფილი მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან პიკეტირების შემდეგ.
იქ ბრეგაძემ სააკაშვილი “სალოცავის გაყიდვაში” დაადანაშაულა. მიტინგის მონაწილეებმა “ღალატისთვის” “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დასჯა მოითხოვეს. ისინი პარტიას საარჩევნო კამპანიის ჩაშლას დაპირდნენ და პერმანენტული საპროტესტო აქციებით დაემუქრნენ.
ოპოზიციური ტელეარხის “მთავარის” ჟურნალისტის კითხვამ კრემლთან “ქართული მარშის” კავშირის შესახებ ულტრანაციონალისტები ძალიან გააბრაზა. ვიღაცამ ჰომოფობიური შენიშვნა გააკეთა, რასაც მოჰყვა ჩხუბი და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვეს. ვითარება რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბული რჩებოდა, თუმცა საბოლოოდ ბრეგაძემ ბოდიში მოუხადა კორესპონდენტს.
ორგანიზაცია “ქართული მარში”, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფს, ოთხი წლის წინ შეიქმნა. ის თავისი მწვავე ქმედებებითა და რიგ ინციდენტებით არის ცნობილი. ძირითადად, ბრეგაძისა და მისი მომხრეების საქმიანობა ორიენტირებული იყო “გეი პროპაგანდის დაპირისპირებაზე”, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და მიგრანტების “განდევნას” ქვეყნიდან.
ორი თვის წინ “ქართული მარში” პარტიად გადაკეთდა. სანდრო ბრეგაძე აპირებდა კენჭისყრას თბილისის გლდანის მაჟორიტარულ ოლქში. არც ისე დიდი ხნის წინ მან გამოაცხადა, რომ მან საკუთარი კანდიდატურა პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. ბრეგაძემ ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მას არ სურდა მათი საერთო “ლიბერალების წინააღმდეგ ბრძოლაში” ხელი შეეშალა.