ხვალ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების შენობებში სასწავლო პროცესი განახლდება, გარდა იმ სკოლებისა, სადაც COVID-19-ის ახალი შემთხვევებია გამოვლენილი.
სკოლები, რომლებიც სამინისტროს ბრძანებით არჩევნების გამო ხუთი დღით ონლაინრეჟიმზე გავიდნენ, ხვალ სასწავლო პროცესს განაახლებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ტერეზა ჩივჩიანის თქმით, ყველა სკოლა ხვალინდელი დღიდან სასწავლო პროცესს განაახლებს, გარდა იმ სკოლებისა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან. ეს სკოლები განათლების სამინისტროს შესაბამისი განკარგულების შემდეგ პირდაპირ ონლაინ-რეჟიმზე გადავლენ.
ჩივჩიანის თქმით, COVID-19-ის ტესტების შედეგებს ამჟამად, ელოდებიან №4 და №1 საჯარო სკოლებში. ქართული სკოლა სასწავლო პროცესს №5 სკოლაში (ინტერნატი) ატარებს, და ორივე სკოლა პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში განაახლებს.
აღსანიშნავია, რომ №4 სკოლა (დემირჩიანის სახ.) შენობაში არ ბრუნდება და ონლაინსწავლებას კიდევ 12 დღით ახანგრძლივებს, ხოლო №1 სკოლა ჯერ ტესტების შედეგებს ელოდება, რათა ვითარებაში გაერკვეს.