ახალქალაქის ბევრი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრები ამბობს, რომ ელოდა ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების მიზნით სახლებსა და სადარბაზოებში სავენტილაციო მოწყობილობების დამონტაჟებას, თუმცაღა ვენტილაციის სისტემა ყველა კორპუსში არ დამონტაჟებულა. შეკითხვაზე, თუ იქნება ვენტილაცია დანარჩენ კორპუსებში, კონკრეტული პასუხი არ არის.

ყოფილ სამხედრო ქალაქში №448 მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებს სურთ, რომ სადარბაზოებში სავენტილაციო მოწყობილობა დაამონტაჟონ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვენტილაცია უკვე 30 მრავალსართულიან კორპუსში გაკეთდა.

ჩვენ მივმართეთ მერიას იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რა პრინციპით შეირჩა სადარბაზოები სავენტილაციო მოწყობილობის დასამონტაჟებლად.

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა ამირშადიანის თქმით, სიები მათ გაზგამანაწილებელ კომპანიამ გადასცა. ის თუ რისი მიხედვით შეადგინეს სია, მან არ იცის.

თუმცა, მან ურჩია მოსახლეობას, ვისაც სადარბაზოში არ აქვს დამონტაჟებული ვენტილაციის მოწყობილობა, მიმართოს მერიას.

«რადგან ზოგიერთ სადარბაზოში არ არის დამონტაჟებული სავენტილაციო მოწყობილობა, მოსახლეობამ უნდა დაწეროს განცხადება, და ჩვენ ვნახავთ. თუკი ამის საჭიროება ნამდვილად არის, გაზგამანაწილებელ კომპანიასთან ერთად, ჩვენ ამ საკითხს მოვაგვარებთ»,- თქვა მან.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის დამონტაჟებული სავენტილაციო მოწყობილობა ზოგიერთ სადარბაზოში, SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიაში კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს:

«უკმაყოფილო მოსახლეობამ უნდა მოგვმართოს ჩვენ და დაველაპარაკებით»,- თქვა SJGC-ს თანამშრომელმა, რომელმაც საკუთარი სახელი არ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა სადარბაზოებში სავენტილაციო მოწყობილობების დასამონტაჟებლად 28 000 ლარი გამოყო.

3-4-5 სართულიან კორპუსებში გაზის მრიცხველები სადარბაზოებშია, ამიტომ გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა მათ სავენტილაციო მოწყობილობა დაემონტაჟებინათ.

ქალაქ ახალქალაქში, 30-ზე მეტ მრავალსართულიან კორპუსში სავენტილაციო მოწყობილობა უკვე დამონტაჟებულია. ვენტილატორები ყველა სადარბაზოს ბოლო სართულზეა დამონტაჟებული.