ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული სერვისები განვითარებული არ არის. ჯავახეთში ჩამოსული ტურისტები ძირითადად გავლით არიან. მიუხედავად სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების განვითარების პოტენციალისა და ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობებისა, რომ შექმნან განვითარების გეგმა, ვითარებაში უკეთესობისკენ აშკარა ცვლილებები მაინც არ შეინიშნება. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, როგორ არის შესაძლებელი ჯავახეთში ტურიზმის განვითარება.

წლების განმავლობაში ჯავახეთში სულ უფრო მეტი ტურისტი შეიმჩნევა, მათ შეხვდებით ქუჩებში, მაღაზიებში, ბაზარში. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ტურიზმი ადგილობრივად ვითარდება, არამედ ის, რომ მეზობელ რეგიონებში ან მეზობელ ქვეყნებში ვითარდება. ტურისტები 1-2 დღეზე მეტხანს არ ჩერდებიან, რადგან აქ გავლით არიან. ის, რომ ჯავახეთი ტურისტების მიმართულება არ არის, თავისი მიზეზები აქვს: ინფრასტრუქტურის, ტურისტული სერვისების, კაფეების, რესტორნების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა და ტურისტებისთვის ჯავახეთში მცირე აქტივობაა.

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ ახალქალაქს ტურიზმის განვითარების უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ახალციხეს.

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს ტურიზმის განვითარებისთვის, უბრალოდ არ შეგვიძლია, არ ვიცით როგორ მივაწოდოთ ეს ყველაფერი ლამაზად, აქ არ იციან როგორ გამოიყენონ თავიანთი ტურისტული რესურსი. აუცილებელია ტურისტული მარშრუტების დეტალურად დაწერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს თავისი წვლილი, ტურიზმის განვითარებისთვის ხალხს დაბალპროცენტიანი სესხები გასცეს“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

2023 წელს, USAID-ის მიერ დაფინანსებული PMCG ორგანიზაციამ, UNA Georgia-ს პროექტის ფარგლებში, შეისწავლა მუნიციპალიტეტების სტრატეგია, ჩაატარა ინტერვიუები და მივიდა დასკვნამდე, რომ სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის ჯავახეთში, არსებობს დიდი პოტენციალი განვითარებისთვის. სამი სახის ტურიზმი:

  • თავგადასავლური
  • კულტურული
  • გასტრონომიული

ეს სამი კატეგორია შეირჩა ლანდშაფტის, ფლორის, ფაუნის, ნაკრძალებისა და ბუნებრივი ადგილების მიხედვით. ჯავახეთში შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმის განვითარება.

ახალქალაქში ტურისტების უფრო ხანგრძლივად შესანარჩუნებლად აუცილებელია ტურისტული სერვისების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გასართობი, მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის შექმნა და ამ ტურისტულ რუკაში მუნიციპალიტეტის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა ჯერ არ არის შესწავლილი და სხვადასხვა წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულია სხვადასხვა ისტორიული ძეგლი, მაგრამ სპონტანურად. თუმცა, ახლა „საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევითი ცენტრი“ ახორციელებს სამწლიან პროექტს „ისტორიული მესხის კულტურული ძეგლების აღწერა“, რომლის ფარგლებშიც ხდება თითოეული სოფლის ძეგლების აღრიცხვა და აღწერა. ასევე ჩაწერილია ის, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები ეძახიან სამლოცველოებს, სალოცავ სახლებს, ახლად აშენებულ ეკლესიებს – ყველაფერს, რაც ხალხის კულტურასა და რწმენას უკავშირდება. გასულ წელს ასპინძაში, ახალციხესა და ადიგენში სამუშაოები ჩატარდა, წელს კი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მომავალ წელს კი ბორჯომში კულტურული ძეგლების შესწავლას დაიწყებენ. ეს შეიძლება გახდეს კარგი საფუძველი ტურისტული რუკის შესაქმნელად.

ახალქალაქის ზოგიერთი ტურისტული მიმართულება საერთოდ არ არის განვითარებული: ეს არის მუზეუმები, ხელნაკეთი ნივთები ტურისტებისთვის, ხალხური რეწვა, ფოლკლორი, ლეგენდები.

იმისათვის, რომ ტურიზმის განვითარების საფუძველი იყოს, როგორც ამ დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, აუცილებელია გიდების მომზადებაც.

ვინ არის პასუხისმგებელი ჯავახეთში ტურიზმის განვითარებაზე? მართალია, ტურიზმის განვითარება სახელმწიფოს ნებაა და ამის გარეშე ის ვერ განვითარდება, მაგრამ იმისათვის, რომ რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს, უნდა იმუშაონ როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებაში და მისგან ფინანსური სარგებელი მიიღოს.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.