გუშინ, 28 ოქტომბერს, კაფე “მიმინოში”, “ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 6 ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად ჩატარდა, დაცული იყო ფიზიკური დისტანცია, და ყველა დამსწრე სამედიცინო პირბადით იყო.

DSC_9205

“ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 6 ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის” პროექტში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი დაშორებული სოფელი მონაწილეობს- ტურცხი, ზაქვი და კოჩიო, ასევე მონაწილეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი- განძა, გორელოვკა და ფოკა. საერთო ჯამში, პროექტში 30 ახალგაზრდა ადამიანი ჩაერთო, თუმცა პროექტის ორგანიზატორების თქმით, ჯგუფებში მონაწილეთა რიცხვი 7-მდე გაიზრდება, თუკი მსურველი იქნება.

“ჩვენ ამ სოფლებში 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები შევქმენით, ისინი ტრენინგებს გაივლიან, მათ ახალგაზრდა ლიდერებად დავამზადებთ. ქალაქებში, რასაკვირველია, ბევრი პროგრამა ტარდება, მაგრამ დაშორებული სოფლების ახალგაზრდობა მოწყვეტილია და მსგავს პროგრამებში არ მონაწილეობს. ჩვენი პროექტის მონაწილეებისათვის გაიმართება ონლაინ-ტრენინგები და შეხვედრები პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა საინტერესო პირებთან. ასევე ჩვენ ვასწავლით სოფლებში პრობლემების გამოვლენას, ჩვენ იდეების ბანკს შევქმნით, რომელსაც გამოიყენებენ მას შემდეგ, რაც საკუთარ ორგანიზაციებს შექმნიან”,- ყვება სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია “ტოლერანტის” დირექტორი, ცირა მესხიშვილი.

ორგანიზატორების თქმით, ძირითადად შერჩეულია ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო უნივერსიტეტში ვერ ჩააბარეს, ზოგიერთი მათგანი მუშაობს, ზოგი კი ჯერ არა. მონაწილეთა ასაკია 18-25 წელი.

პროექტი ფინანსდება “საქართველოს ღია საზოგადოების” ფონდის მიერ, ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია “ტოლერანტი”. პროექტი ერთი წელი გაგრძელდება.