“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში საბავშვო მოედანი აშენდა. წელს კარტიკამმა ამ პროგრამით 20 000 ლარი მიიღო.
სოფელში საბავშვო მოედანი ამბულატორიის მახლობლად აშენდა.
სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენლის შალო ელიზბარიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
“საბავშვო მოედნის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ჩვენ სამუშაოები შევამოწმეთ, ყველაფერი პროექტის მიხედვით გაკეთდა. მშენებელს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი”,- ამბობს ის.
სამუშაოები სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. სოფლის წარმომადგენლის მტკიცებით, მშენებლობა ცოტათი გაიწელა, რადგან ამ სამუშაოების შესრულების ტენდერი ორჯერ ვერ შედგა. მესამედ გამოცხადების შემდეგ ტენდერი შედგა, რომელიც 20 000 ლარით ზარმარ ზარმარიანმა მოიგო.
თებერვალში, სოფელ კარტიკამში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სოფლის მოსახლეობამ სოფლის პრობლემები და პრიორიტეტული სამუშაოები განიხილა, რისი განხორციელებაც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიერ გამოყოფილი სახსრებით იყო შესაძლებელი. შეხვედრის დროს მოსახლეობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სოფლის თანხა საბავშვო მოედნის მშენებლობისათვის გამოიყენონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი თანხა- 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები 12 000 ან 16 000 ლარს ღებულობენ. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო და ორწლიანი (2017, 2018) ინტერვალით 2019 წელს, კვლავ განახლდა.