ყარაბაღი-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ვითარება ღამის განმავლობაში შედარებით სტაბილურად დაძაბული იყო. ცალკეულ ადგილებში საარტილერიო სროლები გრძელდებოდა. ამის შესახებ დღეს დილით, ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იტყობინება.
საღამოს მოწინააღმდეგის ძალებმა, კვლავ განახორციელეს სროლები მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებზე, კერძოდ, კარმირ შუკას, ტაგავარდის, მარტუნის რაიონის, სპიტაკაშენის და ასკერანის რაიონის სოფელ ავეტარანოცის მიმართულებით.
ამჟამად ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. “თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების ოპერაციები მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების ძებნას და განადგურებას განაგრძობენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
სომხური მხარის მონაცემებით, 27 სექტემბერს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა განახორციელა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო ობიექტებზე, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სტეპანაკერტზე, შუშში და ჰადრუთში. საომარი მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთსა და ყარაბაღში.