უკვე 8 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ანსამბლი “მურჯი” აღარ მუშაობს. ამას ორი მიზეზი აქვს – პანდემია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა და სკოლის რემონტი, სადაც ანსამბლის რეპეტიციები გადიოდა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, წელს ანსამბლი დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს.
კულტურული ღონისძიებების თვალსაზრისით ახალქალაქი ყოველთვის მწირე იყო – პანდემიის დაწყებამდე, წელიწადში სულ რამდენიმე ღონისძიება თუ ჩატარდებოდა ხოლმე, ახლა კი პანდემიამ აქტიურ ცხოვრებას ქალაქში ბოლო მოუღო. ახალქალაქში ორი საცეკვაო ანსამბლი ფუნქციონირებს – ერთერთი მათგანი, “მურჯია”, რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. პანდემიის ფონზე ეს მოვლენა ფართო მასშტაბით არ იზეიმეს.
“8 თვის განმავლობაში პრაქტიკული რეპეტიციები არ გვქონია. ინტერნეტით ვცადეთ ვარჯიში, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ცეკვისა და ზოგადად ხელოვნების ნებისმიერ სფეროში შედეგი შეიძლება ითქვას, რომ ნულოვანია. თუკი მუსიკის შესწავლა ცალკე არის შესაძლებელი, მაშ ცეკვა კომპლექსური ხელოვნებაა … კორონავირუსის გარდა, პრობლემა ის არის, რომ სკოლა, სადაც ვმუშაობთ, გარემონტდა და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რემონტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მოპირკეთება კარგია, მაგრამ ჩვენ 8 თვე ველოდეთ სპორტულ დარბაზს და ახლა, როდესაც გვეუბნებიან, რომ კიდევ ერთი წელი უნდა ველოდოთ, ეს ხომ დიდი დროა, ანსამბლი ფაქტიურად დამეშალა. ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს”, – ამბობს ანსამბლ “მურჯის” ხელმძღვანელი, გიორგი მეტრეველი.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში ანსამბლი შეიკრიბა და პირველი რეპეტიცია ჩატარდა, ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო რეპეტიციების ჩატარება ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა.
“სკოლის მოპირკეთების შესახებ წინასწარ არავინ შეგვატყობინა და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. შემდეგ კულტურის სახლის დირექციას შევუთანხმდი, მათაც მოინდომეს რეპეტიციის დაწყება. ყველაფერი დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოვამზადე, ვიყიდე თერმომეტრი, სადეზინფექციო ხსნარი, ხელისა და ფეხისთვი ცალკე. დავიწყე მუშაობა კულტურის სახლში და პირველი გაკვეთილის შემდეგ, მეორე დღეს, მერიიდან შეგვატყობინეს, რომ კვლავ არ შეიძლება და უნდა მოვიცადოთ. თუმცა კანონის თანახმად ეს შესაძლებელია, რადგან ჩემი ყველა მეგობარი მუშაობს. სამინისტროში დავრეკე, მითხრეს, რომ შემიძლია ვიმუშაო, მაგრამ ამისათვის მერიამ მათ წერილით უნდა მიმართოს და მათ ნებართვა უნდა მომცენ, რომ ჯგუფებთან მუშაობის უფლება მომეცეს”, – ამბობს გიორგი.
ფართის საკითხი ახალქალაქის საცეკვაო ანსამბლებისთვის ყოველთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა აქ კულტურის სახლის უზარმაზარი შენობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, კულტურის სახლში, არცერთი ანსამბლისათვის, უბრალოდ, არანაირი პირობა არ არის. შესაფერისი ფართი არ აქვს, ყველაფერი დაშლილია.
“როდესაც სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლა დაიხურა, მე სხვა სკოლებშიც ვიყავი, ქალაქში სხვა შენობას ვეძებდი. გამახსენდა, 10 წლის წინ როგორ ვეძებდი ფართს, მერიას როგორ ვწერდი წერილებს. მაშინ ქალაქის მერი ნაირი ირიციანი იყო, პასუხს დღემდე ვინახავ. მითხრეს, რომ იქ ბიბლიოთეკა იყო და იმ ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანა არ შეიძლებოდა,” – ამბობს გიორგი.
პანდემიის ფონზე, 10 წლის იუბილეს ანსამბლი მშვიდად აღნიშნავს და მილოცვებს იმ ადამიანებისაგან ღებულობს, ვინც მათ ქართული ცეკვების წყალობით, საზღვარგარეთ გაიცნეს.
“ზუსტად 10 წლის წინ დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინვე აქ ჩამოვედი და ანსამბლის შექმნის პროცესიც დაიწყო. თუმცა ამას წინ საინტერესო ამბავი უსწრებდა. 2009 წელს, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ჩემი ინიციატივით, ჩემს მეგობარ კურსელებთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით ახალქალაქში და ხალხისთვის უფასო კონცერტი გაგვეკეთებინა. რადგან თქვენც იცით, რომ არა მხოლოდ აქ, არამედ ზოგადად რეგიონებში, კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიება ნაკლებად ტარდება. მაშინ ეს საკუთარი სახსრებით მოვაწყეთ, აქ ძალიან კარგად მიგვიღეს, დარბაზი თითქმის სავსე იყო. მომდევნო წელს კვლავ ჩამოვედით და შემდეგ ჩემს ნათესავებს, უფრო სწორად, მამაჩემს გაუჩნდა აზრი, რომ აქ ქართული ცეკვები მესწავლებინა. იმ დროისათვის თბილისში უკვე მქონდა ჯგუფი სახელწოდებით “მურჯი”. მაშინ წამოვიდა იდეა შექმნილიყო ფილიალი”, – იხსენებს ანსამბლის დამფუძნებელი.
მაშინ გიორგი შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, რა დროსაც რეპეტიციას ასწრებდნენ. ამ ტემპით დიდხანს არ უმუშავია. მალე მან ახალქალაქში გადმოსვლა გადაწყვიტა და სრულად “მურჯის” ანსამბლით დაკავდა.
“იმ დროს ახალქალაქში დიდი მონდომება იგრძნობოდა, ბავშვები შაბათ- კვირას და გაკვეთილებს მოუთმენლად ელოდებოდნენ. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი გაკვეთილები არ გამეცდინა. ახალქალაქში ცხოვრების სურვილი თავიდანვე არ გამჩენია. მინდოდა ყველაფერი სწრაფად შემექმნა და არ მეგონა, რომ ამით დიდხანს დავკავდებოდი. ვფიქრობდი, რომ შევქმნიდი, შემდეგ კი ამ საქმეს ვინმე გააგრძელებდა. არ მეგონა თუ ახალქალაქში გადმოსვლა და ცხოვრება მომიწევდა. ჩემი გეგმები მქონდა- მაგისტრატურა და ა.შ. თუმცა, დროთა განმავლობაში ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა, რადგან გაიზარდა ქართული ცეკვების მსწავლელთა რიცხვი და გაიზარდა რეპერტუარი. ერთ ოჯახად ვიქეცით. ანსამბლი ჩემი მეორე ოჯახი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა”, – ამბობს ის.
კონცერტების გამართვიდან, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ, ულამაზეს ქართულ ეროვნულ სამოსში მორთული, მოცეკვავე ბავშვები დაინახა, ანსამბლში უფრო მეტი მოსწავლე გაჩნდა.
“თავდაპირველად ცეკვაზე მხოლოდ ქართველი ბავშვები დადიოდნენ, სულ 2-3 სომეხი იყო. ხელოვნებაში კი არ არსებობს ეროვნება, არც სარწმუნოება და არც არაფერი მსგავსი. დროთა განმავლობაში, უფრო მეტი სომეხი ბავშვი ჩაგვერთო, ახლა ანსამბლის უმეტესი ნაწილს სომეხი ბავშვები წარმოადგენენ. ეს ბუნებრივია, რადგან ამ ქალაქსა და რეგიონში მაცხოვრებელთა უმეტესობა პროცენტულად არის სომეხი. ეს, გარკვეულწილად, არის გარემო, რომელიც ქართული ენისთვის შეიქმნა. მათთან ერთად სომხურსაც ვსწავლობ, თუმცა ცუდად ვსწავლობ, ისინი უფრო სწრაფები არიან (იცინის). რეალურად ინტეგრაციაზე არც მიფიქრია, ეს თავისთავად ხდება. ეგ პოლიტიკოსებთან ხდება, რომ ისინ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ და ფიქრობენ, მე კი ამ ყველაფერს, როგორც ხელოვანი ვუყურებ,”-ამბობს გიორგი.