ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მერია, მერიისა და ორი სოფლის რიტუალების სახლისთვის ავეჯს ყიდულობს, ძირითადად სკამებსა და მაგიდებს. ავეჯის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მერიამ გუშინ, მერიისა და სოფლების – ბურნაშეთისა და ბეჟანოს რიტუალების სახლებისთვის ავეჯის შესაძენად 25 825 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილია შემდეგი ინვენტარი – კომპიუტერის მაგიდა, სხდომების დარბაზისთვის დიდი მაგიდა 620x85x75სმ, ჟალუზები, სკამები, კარადა და სხვა მაგიდები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბურნაშეთისა და ბეჟანოსთვის ძირითადად სკამებსა და მაგიდებს იყიდიან.
სოფელ ბურნაშეთში მერის წარმომადგენლის ზურაბ კოჩოიანის თქმით, მათი სოფლის რიტუალების სახლისთვის შეძენილია მხოლოდ მაგიდები. რაც შეეხება სოფელ ბეჟანოს, იქ რიტუალების სახლისთვის მხოლოდ სკამებს შეიძენენ.
“სოფელ ბეჟანოს რიტუალების სახლისთვის შეძენილია დაახლოებით 200 სკამი”, – ამბობს სოფელ ბეჟანოში მერის წარმომადგენელი მარტიროს მარტიროსიანი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიიდან შეგვატყობინეს, აღნიშნული შესყიდვებისთვის სახსრები გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ტენდერი გამოცხადდა გუშინ, 6 ოქტომბერს, 25 825 ლარით და გახსნილი იქნება 15 ოქტომბრამდე.