ქალაქ ახალქალაქის 5 საჯარო სკოლიდან 3, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. №2 სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი კლასი გადავიდა, ხოლო №1 სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში, პირდაპირ მიმდინარეობს.
ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახ.) სწავლება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა სკოლის დირექტორის რუზანნა ტეფოიანის თქმით, ბევრი გაცდენა ფიქსირდება.
“არის გაცდენები, მაგრამ გაკვეთილები სრულად ტარდება. ჩვენ უსაფრთხოების ყველა ნორმას ვითვალისწინებთ. ყველა მასწავლებელი პირბადეს ატარებს, მოსწავლეებისათვის პირბადე არ არის სავალდებულო, მაგრამ უკვე ისინიც პირბადით სხედან გაკვეთილზე. შესვენებაზე არავის არ ვუშვებთ სკოლიდან გარეთ და სკოლაში”,- ამბობს №1 სკოლის დირექტორი რუზანნა ტეფოიანი.
მისი თქმით, სავარაუდოდ შემდეგი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, რადგან სკოლის შენობაში საარჩევნო ოლქია განთავსებული. ამას წინათ განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, რომ სკოლები, სადაც საარჩევნო ოლქები მდებარეობს, მომდევნო კვირის ამ დღეებში დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. თუმცა, აღნიშნული საკითხის თაობაზე ახალქალაქის №1 სკოლას რეკომენდაციები ჯერჯერობით არ მიუღია.
№2 საჯარო სკოლაში (რუსული სკოლა) გაკვეთილები, დღესდღეობით, ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის კარინე ნახატაკიანის თქმით, ერთი კლასის გარდა, ყველა დანარჩენში გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ტარდება.
“ჩვენ ვმუშაობთ ჩვულებრივ, გარდა მე-2 “გ” კლასისა, სადაც ორი ბავშვი სწავლობს, რომელთა ახლობლები კორონავირუსით დაავადებულნი არიან. ჩვენს მასწავლებლებს უნდოდათ ტესტირების გავლა, მაგრამ უარი გვითხრეს. მე-2 “გ” კლასის მასწავლებლები ტესტირებაზე გავაგზავნე, მაგრამ მათაც უთხრეს უარი, რადგან თუ სიმპტომები არ აქვთ, ტესტირებას არ უკეთებენ. კლასებში ბევრი გაცდენაა, მაგრამ ეს სეზონურ დაავადებებთან არის დაკავშირებული”,- თქვა კარინე ნახატაკიანმა.
მისი თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა მომავალი კვირის ბოლოსთვისაც არ დგას, რადგან საარჩევნო ოლქი სკოლის ძირითადი შენობის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
“ფართი სკოლისგან განცალკევებულია. ჩვენი შეხედულებისამებრ, თუ ბრძანება არ იქნება, დისტანციურ სწავლებაზე არ გადავალთ”,- თქვა სკოლის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის სამი სკოლა, №5, №4 და №3 საჯარო სკოლები covid19-ის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. №4 სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა დღეს, 22 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. №5 სკოლა ონლაინ რეჟიმზე 18 ოქტომბერს გადავიდა, მას შემდეგ, რაც მასობრივი ტესტირების შედეგად სკოლის ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ხოლო №3 სკოლა, რომელიც სკოლის რემონტის გამო სწავლას №5 სკოლაში, მეორე ცვლაში აგრძელებდა, დიისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რადგან №5 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მშობლები ბავშვებს აღარ უშვებდნენ სკოლაში. №3 სკოლის მასწავლებლებს, მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ტესტირება ქალაქის ყველაზე მცირერიცხოვან სკოლებში, №3 და №5 სკოლებში ჩაატარეს. დანარჩენ სკოლებს უთხრეს, რომ ტესტირება არჩევნების შემდეგ ჩაუტარდებათ.